ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ვის ეკუთვნის 5 კომპანია, რომელსაც ყველაზე მეტი ღირებულების ქართული ხე-ტყის მასალა გააქვს ექსპორტზე

საქართველოდან დახერხილი ხე-ტყის მასალის ექსპორტი 11%-ით გაიზარდა. გასული წლის ორ თვეში თუ ექსპორტზე გავიდა ქართული წარმოების 3 431 ტონა (1.66 მილიონი დოლარის) ხე-ტყის მასალა, წელს იანვარ-თებერვალში ექსპორტირებულია 1.7 მილიონი დოლარის ღირებულების 3 974 ტონა დახერხილი მასალა.

2025 წელს საანგარიშო პერიოდში ყველაზე მეტი ღირებულების ხე-ტყის მასალა ირანში გაიყიდა. ამ პერიოდში საექსპორტო ბაზრები ასე გამოიყურებოდა:

  • ირანი - 1.45 მლნ დოლარის 3 699 ტონა;
  • თურქეთი - 117.5 ათასი დოლარის 93.8 ტონა;
  • ჩეხეთი - 72.6 ათასი დოლარის 44 ტონა;
  • იტალია - 70.8 ათასი დოლარის 36.8 ტონა.

„ბიზნესპრესნიუსისთვის“ საქსტატის მიერ მოწოდებული ინფორმაციის თანახმად, ამავე პერიოდში ყველაზე მეტი ღირებულების ხე-ტყის მასალის ექსპორტი შემდეგმა კომპანიებმა განახორციელეს: „თი ბი ემ ჯორჯია“, „ნაპალატევი“, „რაშ“, „რაშ ქუთაისი თიზი“ და საქართველო შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია ქუთაისი თიზ“.

სამეწარმეო რეესტრის მონაცემებზე დაყრდნობით, გთავაზობთ, ვის ეკუთვნის აღნიშნული კომპანიები:

შპს „თი ბი ემ ჯორჯია“ - რეესტრში დარეგისტრირდა 2019 წელს, კომპანიის დირექტორი და წილების 100%-ის მფლობელი გრიგოლი გაბიძაშვილია.

შპს „ნაპალატევი“ – 2022 წელს რეგისტრირებული კომპანიის მესაკუთრე ელისე დემეტრაძეა, ისვე იკავებს დირექტორის პოსტს.

შპს „რაშ“ - მესაკუთრე ნოდარ ალაიდინია, დირექტორის თანამდებობას კი ალექსანდრე ალაიდინი იკავებს. კომპანია 2012 წელს არის რეგისტრირებული.

ხე-ტყის უმსხვილესი ექსპორტიორი კომპანიების ხუთეულშია ნოდარ ალაიდინის კიდევ ერთი კომპანია შპს „რაშ ქუთაისი თიზ“, რომელიც 2015 წელს დარეგისტრირდა რეესტრში.

ამავე სიაშია შპს „საქართველო შუნსიანგის ხე-ტყის გადამამუშავებელი კომპანია ქუთაისი თიზ“, რომლის მესაკუთრე ჩინეთის მოქალაქე ქსინფუ ვანგია. რაც შეეხება დირექტორს, ასევე ჩინეთის მოქალაქე ფენგლონგ მა იკავებს თანამდებობას.

მერი ტაბატაძე