„კადრების გადინებას წინ ვერ აღვუდგებით“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ დამსაქმებელთა ასოციაციის თავმჯდომარე ელგუჯა მელაძემ განაცხადა.
მისი თქმით, ყველა ბიზნესთან, მთავრობასა და პროფკავშირებთან ერთად უნდა შემუშავდეს დასაქმების პოლიტიკა, რომელიც მოქალაქეებს საქართველოში დარჩენისთვის მოტივაციასა და შესაბამისს პირობებს შეუქმნის.
„საქართველო ვერ იქნება განყენებული, ჩვენ ვართ გლობალური ბაზრის ნაწილი. ნახეთ გერმანიაში რამდენი უცხოელი ცხოვრობს. სამუშაო ძალა არის საჭირო ყველგან და სამუშაო ძალის გადინება და შემოდინება ბაზრის პრინციპებიდან გამომდინარე ხდება ხოლმე. ადამიანებმა ნახეს უკეთესი სამსახური სხვა ქვეყანაში და სამუშაოდ წავიდნენ, თუმცა, ეს არ გულისხმობს უკეთეს სამსახურს და არც იმას, რომ, მაინც და მაინც, თავის სპეციალობით მუშაობს. შესაძლოა, აქ ესა თუ ის პირი იყო ექიმი, მაგრამ წავიდა უცხოეთში ექთნად, რადგან იქ უკეთესი ანაზღაურებაა და ეს მისთვის მისაღებია. კადრების გადინებას წინ ვერ აღვუდგებით - ეს მთელ მსოფლიოში ხდება“, - აღნიშნავს ასოციაციის თავმჯდომარე.
დამსაქმებლები ბოლო წლებია აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ქვეყნიდან ხდება კვალიფიციური კადრების გადინება, ამის პარალელურად კი იზრდება ადგილობრივ ბაზარზე დასაქმებული უცხოელების რაოდენობა. მელაძეს ვკითხეთ, შესაძლებელია თუ არა, რომ კვალიფიციური კადრები საქართველოში უცხოელებმა ჩაანაცვლოს.
„კვალიფიციური კადრების ჩანაცვლების პროცესი მიმდინარეობს კიდეც, ბევრია თუ ცოტა, ფაქტია მიმდინარეობს. ვნახეთ, რომ უღელტეხილის მშენებლობაზე ჩინელები მუშაობენ, რადგან მათი კომპანია იყო და მათი სპეციალისტები არიან ძირითადად დასაქმებულები, არიან ქართველებიც, მაგრამ მცირე რაოდენობის. უნდა არსებობდეს გარკვეული მექანიზმები, რომ კადრის გადინება არ მოხდეს. ეს უკავშირდება არამარტო მთავრობას, არამედ საზოგადოებას, ბიზნესსა და პროფკავშირებს. უნდა განვახორციელოთ დასაქმების პოლიტიკა, რომელიც ხელს შეუწყობს ადამიანებს ქვეყანაში დარჩენაში. მათ უნდა ჰქონდეთ დარჩენისთვის მოტივაცია“, - აღნიშნავს მელაძე.
მოქალაქეები საუბრობენ იმის შესახებაც, რომ უცხოელ დასაქმებულებთან არსებობს ენობრივი ბარიერი. მელაძე ამბობს, რომ ამ მიმართულებით საჭიროა მინიმალური უნარების მოთხოვნის დამკვიდრება.
„შემოდის უცხოელი, მან უნდა გაიაროს რეგისტრაცია. აქტიურად მიდის საუბარი იმაზე, რომ არ იციან ტაქსის მძღოლებმა ან კურიერებმა ენა მაგალითად და ეს, რა თქმა უნდა, პრობლემას ქმნის. მაგრამ ქართველი თუ ჩავიდა ინგლისში და მუშაობს, მინიმალური ენა იცის. გარკვეულწილად რაღაც გასაკეთებელია ქვეყანაში, რომ ვისაც უნდა ქვეყანაში მუშაობა, მინიმალური უნარები გააჩნდეს“, - განაცხადა ელგუჯა მელაძემ.