დონალდ ტრამპის გადაწყვეტილებამ აშშ-ის იმპორტზე ტარიფების, ხოლო უმსხვილეს სავაჭრო პარტნიორებზე ცალკე გადასახადების დაწესების შესახებ ამერიკულ საფონდო ბაზარზე პანდემიის შემდეგ ყველაზე დიდი დაცემა გამოიწვია.
ამის შესახებ Wall Street Journal წერს.
ხუთშაბათის ვაჭრობის დაწყებისას S&P500-ინდექსი 4%-ზე მეტად, Nasdaq 4,9%-ით, Dow Jones 3,7%-ით, ხოლო Russell 2000-ინდექსი, რომელიც მცირე კაპიტალის კომპანიებს მოიცავს, თითქმის, 7%-ით დაეცა.
ვაჭრობის მხოლოდ ერთ საათში უმსხვილესი ამერიკული კომპანიების შემავალი ფასიანი ქაღალდები 2 ტრლნ დოლარით გაიაფდა, ხოლო აშშ-ის ბაზრის მთლიანი კაპიტალიზაცია 2.7 ტრლნ დოლარით დაეცა, რაც 2020 წლის შემდეგ რეკორდული დაცემაა.
კომპანია Apple-ის აქციები, რომლის ქარხნებიც ჩინეთში მდებარეობს, ტრამპის ტარიფების შედეგად 9,5%-ით შემცირდა. შედეგად კომპანია 300 მლრდ დოლარით გაიაფდა.
საცალო ვაჭრობის ქსელ Target-ისა და Dollar Tree-ის აქციები, რომელთა თაროები ჩინური საქონლით არის სავსე, 12%-ზე მეტად ჩამოიშალა. Amazon-მა 165 მლრდ დოლარის, ხოლო Nvidia–მ 183 მლრდ დოლარის კაპიტალიზაცია დაკარგა.
The New York Times წერს, რომ მილიარდობით დოლარის ზარალი თვით ტრამპის უმსხვილესმა დონორებმაც განიცადეს. კერძოდ, ილონ მასკი Tesla-ს აქციების დაცემის გამო 6 მლრდ დოლარით გაღარიბდა, ხოლო საინვესტიციო ფონდ Blackstone Group-ის ხელმძღვანელ სტივენ შვარცმანმა 3 მლრდ დოლარი დაკარგა.
ნავთობის ბაზარმა სამი წლის განმავლობაში ყველაზე ძლიერი ვარდნა განიცადა: Brent-ის ფიუჩერსები 7%-ით დაეცა და ბარელზე 70 დოლარზე იაფია.
ცნობისთვის: ოთხშაბათს საღამოს, თეთრი სახლის “ვარდების ბაღში” გამოსვლისას პრეზიდენტ ტრამპმა აშშ-ში იმპორტირებულ საქონელზე 10%-იანი ტარიფების დაწესების შესახებ გამოაცხადა. მათ შორის დამატებით 34%-იანი ტარიფი ჩინეთს, ხოლო 20%-იანი ევროკავშირს დაუწესდა. შედეგად აშშ-ში ტარიფების საშუალო განაკვეთი ყველანაირ იმპორტზე 2024 წლის 2.5%-დან 22%-მდე გაიზარდა. ასეთი მაღალი დონე ბოლოს, დაახლოებით, 1910 წელს დაფიქსირდა,
თეთრი სახლის გათვლებით, ტარიფებმა მომდევნო 10 წლის განმავლობაში ამერიკის ბიუჯეტში 6 ტრლნ დოლარი უნდა შეიტანონ და შეამცირონ დეფიციტი, რომელიც 2024 წელს უპრეცედენტო 3 ტრლნ დოლარამდე გაიზარდა, ხოლო წელს შარშანდელ რეკორდს აჭარბებს. JP Morgan-ის შეფასებით, ტრამპის გადაწყვეტილება 1960-იანი წლების ბოლო პერიოდის შემდეგ ყველაზე დიდი საგადასახადო რეფორმაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ