აფხაზეთის ახალმა დე ფაქტო პრეზიდენტ ბადრა გუნბამ ე.წ. პრემიერად ვლადიმერ დელბა დანიშნა, რომელიც მანმადე დე ფაქტო ვიცეპრემიერი იყო.
ინფორმაიცას “აფსნიპრესი” ავრცელებს.
დელბამ ახალი ე.წ. მინისტრთა კაბინეტი უნდა ჩამოაყალიბოს, რომლის წინა შემადგენლობის უფლებამოსილებაც 3 აპრილს შეწყდა.
ვინ არის ვლადიმერ დელბა.
ის 1974 წლის 26 სექტემბერს, აფხაზეთის ავტონომიური საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკის ქალაქ სოხუმში დაიბადა
1997 წელს აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური ფაკულტეტი საბუღალტრო-აუდიტის სპეციალობით, მოგვიანებით კი მ.ვ. ლომონოსოვის სახელობის მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბუღალტრული აღრიცხვა-ანალიზისა და აუდიტის კათედრის ასპირანტურა დაამთავრა.
1993-1994 წლებში აფხაზეთის შეიარაღებული ძალების რიგებში მსახურობდა.
სამუშაო კარიერა სწავლის პერიოდში დაიწყო, როცა 1996 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა სამინისტროს საკონტროლო-სარევიზიო განყოფილების წამყვანი სპეციალისტი გახდა. ამ თანამდებობაზე ერთი წელი მუშაობდა, რის შემდეგაც, 1997 წელს ჯერ სპეციალისტი, 1999 წელს კი ამავე განყოფილების მთავარი სპეციალისტი გახდა.
2000 წელს განყოფილების უფროსის მოადგილედ დაინიშნა, ხოლო 2002 წელს აფხაზეთის დე ფაქტო ფინანსთა მინისტრის მოადგილის თანამდებობა დაიკავა.
2011 წლის 10 ოქტომბრიდან 2015 წლის 8 აპრილამდე დელბა აფხაზეთის დე ფაქტო ვიცეპრემიერი და ე.წ. ფინანსთა მინისტრი იყო.
2014 წლის 2 ივნისიდან 26 სექტემბრის ჩათვლით ის აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის დროებითი ხელმძღვანელია.
2014-იდან 2020 წლამდე ვლადიმერ დელბა აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკური საკითხებისა და საერთაშორისო ურთიერთობების მიმართულების პრორექტორი.
2020 წლის 28 აპრილს კვლავ დე ფაქტო ვიცეპრემიერად და ე.წ. ფინანსთა მინისტრად დაინიშნა.
მიმდინარე წლის 3 მარტს დე ფაქტო ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში გამარჯვებულმა, ბადრა გუნბამ ე.წ. პრემიერ-მინისტრის მოვალეობის შემსრულებლად ვლადიმერ დელბა დანიშნა.
ის დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.
ცნობისთვის: 2 აპრილს ბადრა გუნბა აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად შეუდგა. ე.წ. ინაუგურაცია სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსის დიდ დარბაზში 12 საათზე გაიმართა. ცერემონიას ესწრებოდნენ ე.წ. საკანონმდებლო, აღმასრულებელი და სასამართლო ხელისუფლების წარმომადგენლები, ცესკოს წევრები, რუსეთის პრეზიდენტის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო, სახელმწიფო დუმის თავმჯდომარის მოადგილე, პეტრე ტოლსტოი და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე, ანდრეი კარტაპოლოვი, ასევე, რუსეთის რამდენიმე რეგიონის ხელმძღვანელი და “სამხრეთ ოსეთის” ლიდერი, ალან გაგლოევი. საზეიმო ღონისძიებაზე მიიწვიეს რუსეთის, ნიკარაგუისა და ვენესუელის დე ე.წ. ელჩებიც. სტუმრებს შორის, ასევე, იყვნენ აფხაზეთის ყოფილი დე ფაქტო პრეზიდენტი, ასლან ბჟანია და ოპოზიციის ლიდერი, ადგურ არძინბა, რომელიც ბადრა გუნბასთან მეორე ტურში დამარცხდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ