„გლობალურ ეკონომიკაში რეცესიის რისკი 60%-მდე გაიზარდა, რაც ტრამპის ადმინისტრაციის მიერ შემოღებულ სატარიფო გეგმას უკავშირდება“, - აფრთხილებს მსოფლიოს JP Morgan-ის მთავარი ეკონომისტი, ბრიუს კასმანი.
მისი თქმით, ტარიფების გავლენის უკუეფექტი ბიზნესის მიმართ ნდობის შემცირება, საპასუხო ზომები და გლობალური მიწოდების ჯაჭვის შეფერხება შეიძლება იყოს.
„ჩვენ მხოლოდ მყისიერ პროგნოზს არ ვაკეთებთ, არამედ ველოდებით პირველად ეფექტებს და ხაზს ვუსვამთ, რომ თუკი არსებითად არაფერი შეიცვალა და ყველაფერი ამ ბალანსით შენარჩუნდა, მოსალოდნელია, აშშ-სა და გლობალურ ეკონომიკას რეცესია ელოდეს“, - აცხადებს მსოფლიოს უმსხვილესი ბანკის მთავარი ეკონომისტი.
კასმანისა და მისი გუნდის, შესაძლო გლობალური რეცესიის რისკის შესახებ, პოზიციას იზიარებენ Barclays-ისა და Bank of America-ს წარმომადგენლებიც.
აღსანიშნავია ისიც, რომ ტრამპა ხუთშაბათს გაკეთებული განცხადებისას მიანიშნა, რომ ღიაა ტარიფების შესამცირებლად მოლაპარაკებებისთვის, თუ კონკრეტული სავაჭრო პარტნიორი მას რამე „ფენომენალურს“ შესთავაზებს. მეორე მხრივ, ჩინეთმა და ევროკავშირმა უკვე ნათლად მიანიშნეს შესაძლო საპასუხო ნაბიჯების შესახებ.
შეგახსენებთ, ტრამპის მიერ სატარიფო გეგმის გამოცხადების შემდეგ აშშ დოლარი Group-of-10-ის ათივე ვალუტასთან მიმართებით გაუფასურდა, საფონდო ბირჟაზე კი მსხვილი კომპანიების აქციათა ფასები მკვეთრად დაეცა - ერთ დღეში Apple-ის ღირებულება 9.25%-ით შემცირდა, Amazon-ის - 8.98%-ით, ხოლო Broadcom – 10.51%-ით. მსოფლიოს 500-მა ყველაზე მდიდარმა ადამიანმა კი ჯამურად 208 მლრდ აშშ დოლარი დაკარგა.