ჩინური ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოფიციალური პეკინის პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად წყდება - აცხადებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარი აქსანა ახმედოვა. ამასთან, ანალიტიკოსი თვლის, რომ ჩინურ საფინანსო სექტორთან ახლო თანამშრომლობა ქვეყანას ჩინეთის ექსპლუატაციური ეკონომიკური პრაქტიკის პირისპირ მოწყვლადს ხდის.
შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა ნათია თურნავამ ჩინეთის ცენტრალურ ბანკსა და მსხვილ ბანკებთან შეხვედრები გამართა. ამავე პერიოდში ორი ქვეყნის ცენტრალურმა ბანკმა თანამშრომლობის გაფართოების თაობაზე, ურთიერთგაგების მემორანდუმს მოეწერა ხელი. შეხვედრის შემდეგ სებ-მა გაავრცელა ნათია თურნავას განცხადება, სადაც ვკითხულობთ - „ვგეგმავთ, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველოს ფინანსური ბაზარი ჩინური ბანკებისთვის“.
საქართველოში ჩინური სახელმწიფო ბანკების შემოსვლის საკითხი დღის წესრიგში 2024 წლიდან აქტიურად განიხილებოდა. გასული წლის სექტემბერში ეკონომიკის მინისტრი ლევან დავითაშვილი პეკინში ჩინეთის სახალხო ბანკის პრეზიდენტს შეხვდა და მხარეებით ზემოთ აღნიშნული მემორანდუმის გაფორმებაზე შეთანხმდნენ.
იმის შესახებ, თუ რა გამოწვევებს უქმნის საქართველოს ჩინეთის საფინანსო სისტემასთან დაახლოების შესაძლებლობა „ბიზნესპრესნიუსი“ „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარს აქსანა ახმედოვას ესაუბრა.
რესპონდენტი ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ჩინეთის საფინანსო სისტემა და საბანკო სექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ კონტროლდება. მისი თქმით, ამ ფონზე ჩნდება საფუძვლიანი ეჭვი, რომ ჩინური ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოფიციალური პეკინის პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად წყდება.
„ქართული ოცნების” მზარდი ანტი-დასავლური საგარეო პოლიტიკური კურსის ფონზე, ჩინეთის საფინანსო სისტემა და ბანკები დასავლური ბანკების ალტერნატივას წარმოადგენს. ამ კუთხით, კონკრეტული ცვლილებებიც შეიმჩნევა. 2025 წლის იანვრის მდგომარეობით, აზიის ინფრასტრუქტურის საინვესტიციო ბანკმა თბილისის მეტროს მოდერნიზაციის პროექტისთვის 125 მილიონი ევროს ოდენობის სესხი უზრუნველყო. საერთო ჯამში კი, აღნიშნული ბანკისთვის, რომელიც ჩინეთის გავლენის ქვეშაა, საქართველოს 211 მილიონი დოლარის ოდენობის სასესხო ვალდებულება აქვს.
ჩინეთთან საფინანსო თანამშრომლობის შესაძლებლობას მთელი რიგი გამოწვევები ახლავს თან. კერძოდ, დასავლური დაფინანსების ჩინური დაფინანსებით ჩანაცვლების „მცდელობა” ქვეყანას კიდევ უფრო დააშორებს ევროინტეგრაციის კურსისგან; ჩინური ბანკების დაფინანსება მთელ რიგ რისკებთანაა დაკავშირებული, რამაც ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოება მნიშვნელოვანი გამოწვევების წინაშე შეიძლება დააყენოს. ჩინეთის საფინანსო სისტემა და საბანკო სექტორი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მიერ კონტროლდება. შესაბამისად, საბანკო სექტორში ჩინეთის მთავრობის დომინანტობა აჩენს საფუძვლიან ეჭვს, რომ ჩინური ბანკების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ოფიციალური პეკინის პოლიტიკური პრიორიტეტების შესაბამისად წყდება.
ამასთანავე, ჩინურ საფინანსო სექტორთან ახლო თანამშრომლობა ქვეყანას მოწყვლადს ხდის ჩინეთის ექსპლუატაციური ეკონომიკური პრაქტიკის პირისპირ; საერთაშორისო გამოცდილება ადასტურებს, რომ ჩინეთის საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგად, განვითარებადი სახელმწიფოები არაერთი პრობლემის წინაშე აღმოჩნდნენ. კერძოდ, ვალის გადახდასთან დაკავშირებული პრობლემები, დეფოლტის შემთხვევები, ვალის რესტრუქტურიზაციის დროს ტერიტორიის ან სტრატეგიული ობიექტების ჩინური კომპანიებისთვის გადაცემის შემთხვევები იმ ძირითადი პრობლემების ჩამონათვალია, რომელიც ჩინურ საბანკო სექტორთან თანამშრომლობის შედეგია“, - აღნიშნავს ახმედოვა.
საყურადღებოა ისიც, რომ 2023 წელს ჩინეთმა და საქართველომ ხელი მოაწერეს სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულებას, რომელიც ითვალისწინებს პეკინის მხრიდან პრეფერენციულ სესხებს. ახმედოვა აღნიშნავს, რომ გასულ კვირას ორი ქვეყნის ცენტრალურ ბანკს შორის გაფორმებული მემორანდუმი შესაძლოა, ამ ტიპის სესხების შემოდინების წინაპირობა იყოს. მანვე ისაუბრა ჩინური პრეფერენციულ სესხებთან დაკავშირებულ პრობლემაზე.
„დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ჩინეთი შეისწავლის საქართველოს სოციალური თუ ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის პრეფერენციული სესხების უზრუნველყოფის საკითხს. შესაბამისად, ჩინეთის ცენტრალური ბანკსა და საქართველოს ეროვნულ ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმი საქართველოში ჩინეთის პრეფერენციული სესხების „შემოსვლის” ტენდენციის წინაპირობად შეიძლება შეფასდეს.
ანალიტიკოსები თვლიან, რომ ჩინეთის სახელმწიფო ბანკების მიერ გაცემული ე.წ “პრეფერენციული სესხები” კომერციული ბუნებისაა. კერძოდ, დაბალი შემოსავლის ქვეყნებისთვის გაცემული ჩინეთის სახელმწიფო სესხების საპროცენტო განაკვეთები საშუალოდ 2-3%-ია, მაშინ, როდესაც მსოფლიო ბანკი ან საერთაშორისო სავალუტო ფონდი 0%-იან პრეფერენციულ სესხებს გასცემენ. საშუალო შემოსავლის ქვეყნების შემთხვევაში კი, ჩინეთის საგარეო სესხები საბაზრო პირობების შესაბამისია. მაგალითად, 2010 წელს, ეკვადორმა ჩინეთის ექსიმბანკისგან, 7%-იანი საპროცენტო განაკვეთითა და 15 წლიანი გადახდის ვადის პირობით, ისესხა 1.7 მილიარდი დოლარი. აღნიშნული პირობებით გაცემული სესხები განვითარებადი ქვეყნებისთვის გრძელვადიან პერსპექტივაში ვალის გადახდის სირთულეებს ქმნის“, - განაცხადა „სამოქალაქო იდეის“ მკვლევარმა.