„აშშ-ში მეორადი ავტომობილების ბაზარი შემცირდება, ეს გამოიწვევს ჩვენთან ფასების ზრდას - შედეგი 3-4 თვეში აისახება“ - ნონიაძე

„პირდაპირ არ იმოქმედებს ჩვენზე, მაგრამ ირიბი გავლენა მაინც ექნება“, - ასე აფასებს „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ავტოიმპორტიორთა ასოციაციის ხელმძღვანელი ალექსი ნონიაძე აშშ-ში უცხოური ავტომობილების იმპორტზე 25%-იანი ტარიფების დაწესებას.

ინფორმაციისთვის, გასულ კვირას აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა ამერიკაში იმპორტირებულ ყველა ახალ ავტომობილზე 25%-იანი ტარიფები დააწესა.

ნონიაძის თქმით, მოსალოდნელია, რომ ამერიკაში ახალი ავტომობილები საშუალოდ 25%-ით გაძვირდება, რაც გავლენას მოახდენს მეორადი ავტომობილების ფასებზეც, ეფექტი კი საქართველოსთვის დაახლოებით 3-4 თვის ვადაში იქნება ხელშესახები.

„ეკონომიკის სხვადასხვა დარგი ერთმანეთზეა გადაჯაჭვული. რომ ვაკვირდებით თეთრი სახლის ახალი ადმინისტრაციის პოლიტიკას, ვხვდებით ასეთ რამეს, რომ მოკლევადიან პერიოდში ახალი სამუშაო ადგილების შექმნას არ წაახალისებს ტარიფები, გაამწვავებს ინფლაციას და შესაძლოა, უარყოფითად იმოქმედოს ამერიკელი მოქალაქის მსყიდველობით უნარიანობაზე. ამერიკაში შეტანილი ახალი ავტომობილების ფასი 25%-ით გაიზრდება.

საერთო ჯამში მეორადი ავტომობილები ბაზარზე შემცირდება, იქიდან გადმომდინარე, რომ ამერიკის მოქალაქეების დაფიქრდებიან სანამ ახალ ავტომობილებს შეიძენენ. მეორადი ავტომობილების ბაზრის შემცირება გამოიწვევს დეფიციტს და ჩვენთან ფასების ზრდას. პირდაპირ არ არის ტარიფები დაწესებული ჩვენს ბიზნესზე [მეორადი ავტომობილების ბაზარი], მაგრამ შესაძლოა, 3-4 თვეში ასახვა პოვოს ჩვენზეც. თუმცაღა, მოლოდინები ნეგატიურად მოქმედებენ, ამიტომ, არ გამოვრიცხავ, რომ უფრო ადრეც დაიწყოს შედეგებმა ასახვა, ვიდრე ამას ველოდებით“, - აღნიშნავს ავტოიმპორტიორი.

ცნობისთვის, 2025 წლის იანვარ-თებერვალში საქართველოში იმპორტზე შემოვიდა 19 765 ავტომობილი, რომლის ღირებულებამაც 326.8 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია. ავტომობილების უდიდესი ნაწილი ქვეყანაში შემოვიდა ამერიკიდან. უფრო კონკრეტულად, საანგარიშო პერიოდში აშშ-დან იმპორტირებულია 193 495 530 დოლარის ღირებულების 15 301 ერთეული ავტომობილი. საანგარიშო პერიოდში ერთი ავტომობილის იმპორტი ქვეყანას გადასახადების გარეშე საშუალოდ 12 645 დოლარი უჯდებოდა, თუმცა ფასი მოდელისა და წლოვანების მიხედვით შესაძლოა უფრო მეტი ან ნაკლები ყოფილიყო.

მერი ტაბატაძე