აზერბაიჯანი საქართველოსთან საზღვარზე გამშვებ პუნქტ “წითელი ხიდის” გაფართოებას გეგმავს, რისთვისაც სახელმწიფო მიმდებარე მიწის ნაკვეთებს შეიძენს.
შესაბამისი გადაწყვეტილებას აზერბაიჯანის პრემიერ-მინისტრ ალი ასადოვმა მოაწერა ხელი, რასაც სააგენტო, Trend ავრცელებს.
“წითელი ხიდის” გარდა, “სამურის” საგუშაგოც გაფართოვდება.
დოკუმენტის მიხედვით, სასაზღვრო-გამშვები პუნქტების, „წითელი ხიდისა“ და „სამურის“ გაფართოების მიზნით აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტს სახელმწიფო საკუთრებაში არსებული 8,76 ჰექტარი მიწის ნაკვეთისა და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებული 8,282 ჰექტარ მიწის ნაკვეთის შეძენის უფლება მიენიჭა.
კერძოდ, ეს ფართობი მოიცავს ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე არსებულ 0,49 ჰა სახელმწიფო მიწასა და ღაზახის რაიონის შიხლის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 5,53 ჰა მიწას, ასევე, 8,27 ჰა სახელმწიფო მიწას ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე და გუსარის რაიონის სამურის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებულ 2752 ჰა მიწის ნაკვეთს.
„სახელმწიფო საჭიროებისთვის მიწის შეძენის შესახებ“ კანონის მოთხოვნათა შესაბამისად, აზერბაიჯანის საბაჟო კომიტეტი სახელმწიფო და მუნიციპალურ საკუთრებაში არსებულ მიწის ნაკვეთებზე უფლების მოსაპოვებლად მოსამზადებელ ღონისძიებებს განახორციელებს. ამასთან, კომიტეტმა თავის წინადადებები აზერბაიჯანის მინისტრთა კაბინეტს უნდა წარუდგინოს
ცნობისთვის: საბაჟო-გამშვები პუნქტი, „წითელი ხიდი“ ქვემო ქართლის რეგიონში, მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ კირაჭმუღანლოში მდებარეობს. ეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე ერთ-ერთი საკონტროლო-გამშვები პუნქტია. ამის გარდა, ორ ქვეყანას შორის საზღვარზე გამშვები პუნქტები, “მტკვარი,” “სამთაწყარო,” “გარდაბანი” და “ლაგოდეხი” მოქმედებს. “წითელი ხიდის” სასაზღვრო გამშვები პუნქტი ყოველდღე, 24 საათის განმავლობაში მუშაობს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ