დამწყებმა ბრიტანულმა ავიაკომპანია Global Airlines-მა, რომელსაც ტრანსატლანტიკურ ფრენაში „რევოლუციის“ მოხდენა სურს, პირველი სამგზავრო რეისი დააანონსა.
ინფორმაციას The Independent ავრცელებს.
კერძოდ, Airbus A380-მოდელის თვითმფრინავი შოტლანდიის გლაზგოდან 15 მაისს, დილის 11 საათზე გაემგზავრება და ნიუ-იორკში შვიდ საათში ჩავა.
გამოცემა წერს, რომ პირველი ფრენა არა რეგულარული, არამედ ერთჯერადი ჩარტერული რეისი იქნება. აშშ-ის აეროპორტში ჩაფრენის შემდეგ თვითმფრინავი ადგილზე ოთხი დღის განმავლობაში დარჩება და შოტლანდიაში 19 მაისს დაბრუნდება. ნიუ-იორკში ოთხდღიანი მოგზაურობისთვის მომდევნო რეისი ორი დღის შემდეგ მანჩესტერიდან შესრულდება.
რეგულარული ფრენების შესახებ ინფორმაცია ჯერ არ ვრცელდება.
პირველ რეისზე ბილეთები ჯერ არ იყიდება, თუმცა პოტენციურ მგზავრებს წინასწარი რეგისტრაციის გავლა შეუძლიათ. ფასი უცნობია, მაგრამ მგზავრებს, რომლებიც პირველ რეისზე დარეგისტრირდებიან, „24 საათით ადრე ბილეთების წინასწარ კერძო გაყიდვაზე მიიწვევენ, ვიდრე ისინი ფართო საზოგადოებისთვის გახდება ხელმისაწვდომი.“
ბილეთებს Global Airlines პირდაპირ არ გაყიდის და ამას კომპანია, TravelOpedia განახორციელებს.
"მე ყველაფერი გავყიდე და ყველაფრით გავრისკე, რომ აქამდე მოვსულიყავი. ფსონზე ყველაფერს ვდებ,” - აცხადებს ავიაკომპანიის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი, ჯეიმს ასკვიტი.
The Independent-ის ცნობით, ავიაინდუსტრიაში ბევრი ეჭვქვეშ აყენებს ახალი ავიაკომპანიის პერსპექტივას, რომ ატლანტის ოკეანის გადამფრენ მსოფლიოს უდიდეს სამგზავრო თვითმფრინავზე ადგილები მომგებიანად შეივსება. კონკურენცია მეტად მაღალია. კერძოდ, არსებულ გადამზიდავებს ძლიერი ლოიალობის პროგრამები აქვთ და გადასხდომის რეისების ქსელს ფლობენ.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ