აზიის განვითარების ბანკმა (ADB) 2025 წელს საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 5.5%-დან 6%-მდე გაზარდა.
ამასთანავე, აპრილის განახლებული ანგარიშის მიხედვით, ADB მომდევნო - 2026 წელს საქართველოს მშპ-ს 5%-მდე შენელებას ელოდება. ანგარიშში აღნიშნულია, რომ მომდევნო წელს ეკონომიკის შენელების პროგნოზი დაკავშირებულია მომსახურებისა და ფულადი გზავნილების შემცირებასთან.
„საქართველოს ეკონომიკა, გლობალური გაურკვევლობისა და გეოპოლიტიკური რისკების ფონზე, 2025 წელს სტაბილურად ზრდას განაგრძობს და შეუძლია კიდევ უფრო გაფართოვდეს მწვანე სატრანსპორტო და ენერგეტიკული ქსელების განვითარების გზით“, - აღნიშნულია აზიის განვითარების ბანკის (ADB) განახლებულ ანგარიშში.
ანგარიშში აღნიშნულია, რომ 2025 წელს ინფლაციის 4%-მდე გაზრდაა მოსალოდნელი, ხოლო 2026 წელს, ეკონომიკური ზრდის შენელებასთან ერთად, ინფლაცია ცენტრალური ბანკის 3%-იან მიზნობრივ მაჩვენებელს მიუახლოვდება.
ამასთანავე, 2025 და 2026 წლებში, სავარაუდოდ, გაიზრდება მიმდინარე ანგარიშის დეფიციტიც, რადგან გლობალურ ბაზრებზე გაურკვევლობამ, რაც გავლენას მოახდენს საქართველოს მთავარ სავაჭრო პარტნიორებზე, მოსალოდნელია შეაფერხოს უცხოური ფინანსური ნაკადები.
„სოფლის მეურნეობის დარგი 2025 წელს 3.9%-მდე გაიზრდება, რაც განპირობებული იქნება ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებითა და მდგრადი სასოფლო-სამეურნეო მეთოდების დანერგვით, თუმცა 2026 წელს ზრდის ტემპი 2.8%-მდე შემცირდება.
მრეწველობის ზრდა 2025 წელს 4.6%-მდე, ხოლო 2026 წელს 3.1%-მდე შემცირდება, სამშენებლო სფეროს შენელების ფონზე.
ნედლეულისა და ავტომობილების რეექსპორტი წამყვან პოზიციებს შეინარჩუნებს საქართველოს სასაქონლო ექსპორტში. მომსახურების ექსპორტის ზრდა 2025 წელს 12.8%-მდე შენელდება, ხოლო 2026 წელს 13.2%-მდე აღდგება.
ფულადი გზავნილები, სავარაუდოდ, დამატებით 10%-15%-ით შემცირდება, თუმცა მაინც მნიშვნელოვნად აღემატება 2022 წლამდე არსებულ დონეს. საგარეო ვალი შემცირდება 2025 წელს მშპ-ის 25.0%-მდე და 2026 წელს 24.5%-მდე“, - აღნიშნულია ანგარიშში.
აღსანიშნავია, რომ ეკონომიკური ზრდის პროგნოზები 2 აპრილამდე, აშშ-ის ადმინისტრაციის მიერ ახალი ტარიფების გამოცხადებამდე შედგა, ამიტომ საბაზისო პროგნოზებში ასახულია მხოლოდ აქამდე არსებული ტარიფები. თუმცა, ანგარიში აანალიზებს მაღალი ტარიფების შესაძლო გავლენას აზიასა და წყნარი ოკეანის რეგიონის ეკონომიკურ ზრდაზე.