ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
აფხაზეთზე რუსი ტურისტების მოთხოვნა იზრდება - რა ღირს ოკუპირებულ რეგიონში დასვენება

სოხუმთან ავიარეისების დაგეგმილი აღდგენისა და სარკინიგზო მიმოსვლის გაფართოების ფონზე აფხაზეთის მიმართ რუსი ტურისტების ინტერესი მკვეთრად გაიზარდა.

ამის შესახებ რუსული „კომერსანტი“ დაჯავშნის სისტემებზე დაყრდნობით წერს.

კერძოდ, ერთ კვირაში აფხაზეთზე მოთხოვნა 10%-ით, წლიური თვალსაზრისით კი 20%-ზე მეტად გაიზარდა.

Ostrovok-ის მონაცემებით, აფხაზეთში ბოლო კვირაში სასტუმროების ჯავშნები 10%-ით, ხოლო საძიებო მოთხოვნები 15%-ით გაიზარდა.

Travelata.ru-მ წლიური თვალსაზრისით გაყიდვების 21%-იანი, ხოლო Russian Express-მა 78,5%-იანი ზრდა დააფიქსირა.

კრემლის გეგმით, რომელიც აფხაზეთის ახალმა კურატორმა და პუტინის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილე სერგეი კირიენკომ გაახმიანა, 1993 წლიდან დაკეტილი სოხუმის აეროპორტში რუსეთიდან ფრენები 1-ელ მაისს უნდა განახლდეს. ასევე, 1 მაისიდან ელექტრომატარებელი, „ლასტოჩკა“ სოჭი-გაგრის მარშრუტს სოხუმამდე გააგრძელებს.

დაჯავშნის სისტემების შეფასებით, მოთხოვნას სწორედ ეს ცვლილებები ასტიმულირებს, რასაც აფხაზეთში მოგზაურობისგან თავის შეკავების შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს რეკომენდაციების გაუქმება დაემატა. ასეთი რეკომენდაციით უწყება 2024 წლის შემოდგომის ბოლოს გამოვიდა, როცა აფხაზეთში ოპოზიციის საპროტესტო გამოსვლებსა და ე.წ. სამთავრობო შენობების დაკავებას დე ფაქტო პრეზიდენტ ასლან ბჟანიას გადადგომა მოჰყვა.

აფხაზეთი რუსი ტურისტების საბიუჯეტო მიმართულებად რჩება. კერძოდ, ტურის საშუალო ღირებულება 147 ათასი რუბლია (1700 დოლარია), რაც წლიური თვალსაზრისით 20%-ით არის გაზრდილი. სასტუმროში ღამისთევა 6,2 ათასი რუბლი (72 დოლარი) ღირს, რამაც, ასევე, ერთ წელიწადში, 5%-ით მოიმატა.

ექსპერტები არ გამორიცხავენ, რომ წლევანდელ სეზონზე რუსი ტურისტების დიდი ნაწილი შავი ზღვის რუსულ კურორტებს აფხაზეთის მიმართულებას ჩაანაცვლებს. კერძოდ, რუსეთის ტურსააგენტოების ალიანსის მონაცემებით, ქერჩის სრუტეში ჩაძირული რუსული ტანკერებიდან ნავთობის გაჟონვის გამო ანაპაზე მოთხოვნა, შარშანდელ სეზონთან შედარებით, მკვეთრად, 45%-ით დაეცა, რადგან მაზუთმა ეს სანაპირო დააბინძურა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ