თბილისის მერია მარცხენა სანაპიროზე ჩამონგრეული გზის აღდგენაში 5 მლნ ლარს გადაიხდის

თბილისის მერია მარცხენა სანაპიროზე ჩამონგრეული გზის აღდგენაში 5 მლნ ლარს გადაიხდის. აღნიშნულთან დაკავშირებით, დედაქალაქის მერიამ 2 გამარტივებული შესყიდვა გამოაცხადა.

როგორც დოკუმენტში ვკითხულობთ, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე რესტორან „გაგრა“-ს მიმდებარედ გააქტიურებული გეოდინამიკური პროცესების შედეგებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების სახელმწიფო შესყიდვისთვის გამოყოფილია 4 700 000 ლარი. ხოლო, გააქტიურებული გეოდინამიკური პროცესების შედეგებით დაზიანებული ინფრასტრუქტურის აღდგენის სამუშაოების საპროექტო მომსახურებისთვის 300 000 ლარი.

შესყიდვის დოკუმენტში ასევე აღნიშნულია, რომ მომხდარის შედეგად დაზიანდა გზის დამჭერი საყრდენი კედელი, გზის სავალი ნაწილის პირველი ზოლი და დეფორმირებულია ფეხით მოსიარულეთა ტროტუარი. შესაბამისად, მერია განმარტავს, რომ საავტომობილო გზის და არსებული ინფრასტრუქტურული ობიექტების მოსალოდნელი დეფორმაციის ხარისხის ზრდის აღკვეთის და შემდგომი მდგრადი ფუნქციონირების მიზნით, აუცილებელია გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება.

შეგახსენებთ, 7 აპრილს მტკვრის მარცხენა სანაპიროზე საავტომობილო მოძრაობა, გზაზე გაჩენილი ბზარების მიზეზით შეიზღუდა. როგორც მაშინ თბილისის მერიამ განმარტა, რესტორან „გაგრის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, საჭირო იყო გადაუდებელი სამუშაოების ჩატარება. თუმცა, რამდენიმე საათში, აღნიშნული გზის მონაკვეთი ჩამოინგრა. როგორც თბილისის მერის მოადგილემ ირაკლი ბენდელიანმა განაცხადა, მტკვარმა, საყრდენ კედელს ძირი გამოურეცხა, რამაც გზის ჩავარდნა გამოიწვია.

ნინი ქეთელაური