ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
მსოფლიო ეკონომიკის ორ ბლოკად დაყოფამ შესაძლოა, გლობალური მშპ 7%-ით შეამციროს - WTO აშშ-ჩინეთის სავაჭრო ომზე

მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის (WTO) ანალიტიკოსები მიიჩნევენ, რომ ჩინეთსა და აშშ-ს შორის საქონლით ვაჭრობის მოცულობა უკიდურესად მაღალი ორმხრივი გადასახადების გამო შესაძლოა, 80%-ით შემცირდეს.

ორგანიზაციის ხელმძღვანელი, ნგოზი ოკონჯო-ივეალა WTO-ს ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში წერს, რომ „აშშ-სა და ჩინეთს შორის სავაჭრო დაძაბულობის ესკალაცია ორმხრივი ვაჭრობის მკვეთრი შემცირების სერიოზულ რისკს ქმნის.”

“ჩვენი წინასწარი შეფასებით, ორ ქვეყანას შორის საქონლით ვაჭრობა შესაძლოა, 80%-ით შემცირდეს,“ - აცხადებს ოკონჯო-ივეალა.

WTO გაფრთხილებას იძლევა, რომ სავაჭრო კონფლიქტს მსოფლიოს ორ უდიდეს ეკონომიკას შორის, რომელთა წილიც გლობალურ ვაჭრობაში, დაახლოებით, 3%-ია, უფრო ფართო შედეგები მოჰყვება და შესაძლოა, გლობალურ ეკონომიკას სერიოზული ზიანი მიაყენოს.

კერძოდ, არსებობს გლობალური ვაჭრობის ფრაგმენტაციის რისკი გეოპოლიტიკური ხაზების მიხედვით და მსოფლიო ეკონომიკის ორ ბლოკად დაყოფამ შესაძლოა, გლობალური რეალური მშპ-ის, თითქმის, 7%-ით გრძელვადიანი შემცირება გამოიწვიოს.

„სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, ღია საერთაშორისო სავაჭრო სისტემის შესანარჩუნებლად მსოფლიო საზოგადოებამ ერთად იმუშაოს. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია დიალოგის მთავარი პლატფორმაა და მნიშვნელოვანია, ეს საკითხები თანამშრომლობის სულისკვეთებით გადაიჭრას,“ - აცხადებს ოკონჯო-ივეალა.

ცნობისთვის: 10 აპრილს ჩინურ საქონელზე აშშ-ის მიერ დაწესებული 125%-იანი ტარიფები ამოქმედდა. ჩინეთმა საპასუხოდ აშშ-დან წარმოებულ საქონელზე 84%-იანი ტარიფები დააწესა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ