„ბაქო-თბილისი-ბაქო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს“ - ასე უპასუხეს „ბიზნესპრესნიუსს“ „საქართველოს რკინიგზაში“. საქმე ეხება აზერბაიჯანულ მედიაში გავრცელებულ ინფორმაციას, სადაც საუბარია, რომ აზერბაიჯანის რკინიგზის კუთვნილი სამგზავრო მატარებელი თბილისის ცენტრალურ სადგურში შევიდა.
ცნობისთვის, გუშინ აზერბაიჯანულ მედიაში, თბილისის რკინიგზის ცენტრალურ სადგურზე „აზერბაიჯანის რკინიგზის“ ჩქაროსნული მატარებელის ამსახველი ფოტოები გავრცელდა. თბილისში გამოჩენილ მატარებელთან დაკავშირებით „აზერბაიჯანის რკინიგზის“ პრესსამსახურის უფროსმა, ბახტიარ გაჯიევმა ადგილობრივ მედიას განუცხადა, რომ „მატარებელი, რომლის ფოტოებიც გავრცელდა, სამგზავრო არ არის და ის რკინიგზაზე მოძრაობის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად მხოლოდ ლიანდაგის დიაგნოსტიკას რეგულარულად ატარებს.“
მანამდე თებერვლის შუა რიცხვებში აზერბაიჯანული მედია რამდენიმე წყაროზე დაყრდნობით წერდა, რომ ბაქო-თბილისი-ბაქოს მიმართულებით სამგზავრო მატარებლების მოძრაობა შესაძლოა, მაისში აღდგეს.
როგორც „საქართველოს რკინიგზაში“ აცხადებენ, ამ დროისთვის ზუსტი თარიღი, თუ როდის აღდგება სამგზავრო გადაყვანა ბაქო-თბილისს შორის, ჯერჯერობით დაზუსტებული არ არის.
“ბაქო-თბილისი- ბაქო სამგზავრო მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით სამუშაო პროცესი მიმდინარეობს, რომელიც მოიცავს მოლაპარაკებებსა და ტექნიკური დეტალების დაზუსტებას როგორც სარკინიგზო ადმინისტრაციებს შორის, ასევე საკითხთან დაკავშირებულ ორივე ქვეყნის შესაბამის უწყებებთან. მხარეები ინტენსიურად მუშაობენ და მიმოსვლის აღდგენასთან დაკავშირებით კონკრეტული თარიღი მოგვიანებით გახდება ცნობილი”, - განუცხადეს „საქართველოს რკინიგზაში“ „ბიზნესპრესნიუსს“.