„რაც დრო გადის, უფრო ნაკლები ვაკანტური მიწა რჩება და ფასიც იზრდება - საბჭოთა სახლებს მოუწევს დემონტაჟი“

„საბჭოთა პერიოდში აშენებულ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება“, - ამის შესახებ რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ „არსის“ დირექტორმა ბესო ორთოიძემ განაცხადა.

„მიწის შეზღუდვის ტენდენცია მუდმივია, რაც დრო გადის მით უფრო ნაკლები ვაკანტური მიწა რჩება განაშენიანებისთვის და შესაბამისად მიწის ფასიც იზრდება. ასევე პრობლემას წარმოადგენს მეორადი კორპუსები, რომელიც საბჭოთა დროსაა აშენებული და რომელსაც ექსპლუატაციის ვადა დიდი ხანია გაუვიდა, მაგრამ კვლავ ხდება მისი გამოყენება. ეს საკითხები ერთმანეთს რომ დავაკავშიროთ აუცილებლად დადგება ის მომენტი, როდესაც ამ სახლებს მოუწევს დემონტაჟი და უკვე იმ ტერიტორიაზე ახალი განაშენიანება გაჩნდება.

მერიას აქვს გეგმა, ავარიული ე.წ.ხრუშჩოვკების ჩანაცვლების, მაგრამ მას არ აქვს მასშტაბურობა. დღეს ნაწილი კომპანიები ამაში მონაწილეობას იღებენ, მაგრამ შესაძლებელია ამ სქემის გარკვეული ცვლილება, რაც გაზრდის დაინტერესებას. იმის მიხედვით თუ რამდენი კომპანია მიიღებს მონაწილეობას, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რამდენად სწრაფად მოხდება ჩანაცვლება. დღევანდელი გეგმით შეიძლება ათობით წელი გაგრძელდეს ან შეიძლება ისეთი სქემა მოიძებნოს, რომელშიც ყველა დეველოპერი გამოთქვამს სურვილს და ძალიან სწრაფად, მოკლე ვადაში შეიძლება მოხდეს ამ პროექტის განხორციელება. ეს ერთგვარად, მეორე სუნთქვაც იქნება ქალაქისთვის და შესაძლოა განთავისუფლდეს ბევრი ადგილი, სადაც უკვე ახალი წესებით, ახალი რეგულაციებით მოხდება განაშენიანება.

თბილისი იქნება თუ სხვა ქალაქი, მეორე სიცოცხლე სჭირდება. ძველი კორპუსები რა მიწაზეც დგას, შეიძლება მისი გაცოცხლება ძველი შენობების დემონტაჟით. უნდა არსებობდეს გრძელვადიანი ხედვა და ამ გეგმას, უნდა მოერგონ კომპანიები. თუ იქნება გრძელვადიანი გეგმა, მე, როგორც ინვესტორს მეცოდინება სად არის პოტენციალი, სად შეიძლება განვითარდეს ქალაქი და მშენებლობის დაწყებაც უფრო მარტივი იქნება ჩემთვის,“ - განაცხადა ორთოიძემ.

მაგდა შენგელია