მსოფლიოს გამორჩეული, წარმატებული და საინტერესო ადამიანების ხედვა, ნაბიჯები, თვისებები თუ სხვა სპეციფიკაციები მუდამ განხილვის თემაა. ყოველთვის საინტერესოა იმის გაგებაც, რა საფუძვლებზეა დაშენებული ღირებულებები და შეხედულებები ისეთი დიდი პერსონებისა, რომლებიც, თავის მხრივ, მილიონობით ადამიანისთვის კუმირები არიან. გთავაზობთ მსოფლიოს 6 „გამორჩეული ტვინის“ რეკომენდაციებს წიგნების შესახებ.
უორენ ბაფეტი (Berkshire Hathaway-ის აღმასრულებელი დირექტორი; ფილანტროპი) - The Intelligent Investor (ავტორი: Benjamin Graham)
ბაფეტის თქმით, ამ წიგნის წაკითხვა მის კარიერაში საუკეთესო გადაწყვეტილებაა. სახელმძღვანელო წარმატებული საფონდო ინვესტორისთვისა და მისი აზროვნებისთვის. შესაძლოა, დამწყები ინვესტორებისთვის რთული წასაკითხი იყოს, ფინანსური ტერმინოლოგიის გამო, თუმცა ეს ნამდვილად უნდა გააკეთონ. წიგნის ავტორი - ბენჟამინ გრეჰემი ბაფეტის ლექტორი იყო და ბაფეტი მისი ჯგუფის ერთადერთი სტუდენტია, რომელმაც გრეჰემის მიერ წაკითხული ლექციები ინვესტიციის შესახებ A+-ზე დახურა.
ბილ გეითსი (Microsoft-ის თანადამფუძნებელი; ფილანტროპი) - Capital in the Twenty-first Century (ავტორი: Thomas Piketty)
ბილ გეითსი, ისევე როგორც დანარჩენი მსოფლიო, გაოცებულია პიკეტის ნაშრომით, რომელიც მსოფლიოს მასშტაბით უთანასწორობის პრობლემებს ასახავს. Microsoft-ის დამფუძნებელმა ავტორს პირადად უთხრა, რომ ცოტა აშინებს წიგნში აღწერილი პოლიტიკური მოწყობილობებისა და სპეციფიკაციების ასახვის სინამდვილე, მაგრამ შეაქო იმის გამო, რომ ასეთი საკითხების გლობალურად განხილვაში თავისი მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა.
ილონ მასკი (Tesla-ს აღმასრულებელი დირექტორი) - Benjamin Franklin: An American Life (ავტორი: Walter Isaacson)
ფრანკლინი მასკისთვის ყოველთვის გმირი და კუმირი იყო. იმის მიუხედავად, რომ სხვადასხვა ეპოქაში იცხოვრეს, მასკი ამბობს, რომ შთაგონებულია მისი, როგორც მეწარმის, წარმატებითა და განვლილი გზით, რომელიც არაფრიდან იწყება. თუ გსურთ წაიკითხოთ, როგორ შეუძლია დიდ პიროვნებას შთააგონოს ადამიანები და ქვეყანა საუკუნეების შემდეგაც, მაშინ ეს წიგნი თქვენთვისაა.
ჯეფ ბეზოსი (Amazon-ის დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი) - The Effective Executive (ავტორი: Peter F. Drucker)
ერთ-ერთ ზაფხულს ბეზოსმა ტოპ მენეჯმენტის წარმომადგენლებს წააკითხა ეს წიგნი იმისთვის, რომ უკეთესად მიმხვდარიყვნენ და აღექვათ, თუ როგორ აშენებდა იგი კომპანია Amazon-ს. წიგნი გვასწავლის როგორ უნდა განვივითაროთ პიროვნული თვისებები და დროის მენეჯმენტის უნარი, ასევე დავრჩეთ პროდუქტიულები და შევიტანოთ ჩვენი საუკეთესო წვლილი ორგანიზაციის საქმიანობაში.
მარკ ცუკერბერგი (Meta-ს დამფუძნებელი და აღმასრულებელი დირექტორი) - The Idea Factory: Bell Labs and the Great Age of American Innovation (ავტორი: Jon Gertner)
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ ცუკერბერგის მიერ დაქირავებული ყველა თანამშრომელი ვალდებულია, ეს წიგნი წაიკითხოს და გაიაზროს. მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ადამიანი თვლის, რომ ეს წიგნი არის ბიზნესისა და მეცნიერების ურთიერთქმედების კონცეფცია, რომელიც ისტორიის განმავლობაში მომგებიანი და წარმატებულია. Idea Factory უაღრესად აქტუალურია ყველასთვის, ვისაც სურს, ეს ორი სფერო ერთმანეთთან დააკავშიროს და ამით სასურველი შედეგი მიიღოს, როგორც ეს ცუკერბერგმა გააკეთა.
სტივ ბალმერი (Microsoft-ის ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი) - Factfulness (ავტორი: Hans Rosling)
ბალმერმა ეს წიგნი მოიხსენია იმის საფუძვლად, თუ როგორ ფიქრობს იგი მონაცემებზე, ფაქტებსა და საჯარო პოლიტიკაზე. მისივე თქმით, ამ წიგნმა შთააგონა იმაზე, რომ ემუშავა USAFActs-ის შექმნაზე - არაკომერციულ ორგანიზაციაზე, რომლის ფუნქციაც მთავრობის მონაცემების უფრო მეტად ხელმისაწვდომობაა. „ეს წიგნი სამყაროს მიმართ ძალიან პოზიტიური შეხედულებაა და დაფუძნებულია რეალურ მონაცემებზე, ვარაუდების ნაცვლად“, - ეს თავად ბალმერის სიტყვებია.