„ლარი უახლოესი 3-4 კვირის განმავლობაში კვლავ სტაბილური იქნება - 2.74-2.77-ის ფარგლებში“, - ამის შესახებ „საერთაშორისო კვლევებისა და პროგნოზირების ცენტრის“ ოპერაციების ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკა შენგელიამ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
„ცხადია, ლარის დოლართან გამყარება-დასტაბილურების ტენდენცია, დოლარის ინდექსის საგრძნობი კლებით არის განპირობებული, ეს კი პრეზიდენტ ტრამპის მიერ ტარიფების გამოცხადების შემდეგ ხდება. ლართან მიმართებით, უმთავრესი ეს ფაქტორია, რადგან სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხდარა, რაც გავლენას მოახდენდა.
ჩვენი ეკონომიკა და ლარის კურსი ამ ეტაპზე თითქმის სრულად გარე ფაქტორებზეა დამოკიდებული, შესაბამისად, არსებული ვითარების გათვალისწინებით, უახლოეს 3-4 კვირაში დიდად ცვლილებებს არ ველოდები. ლარი, დოლართან მიმართებით, კვლავ სტაბილური იქნება - 2.74-დან 2.77 ფარგლებში“, - აღნიშნა შენგელიამ.