ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
საუბარია, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქის კუთვნილ მიწას ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება საავტომობილო გზების დეპარტამენტს მიენიჭა.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შეეხება E-60 ავტომაგისტრალის, ზესტაფონი-ქუთაისის ახალი სამშენებლო მონაკვეთის – არგვეთის სატრანსპორტო კვანძის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, უძრავი ქონების მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა.
კერძოდ, პროექტის არეალში ხვდება ვახტანგ ლურსმანაშვილის საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნაწილი, მასზე არსებულ ღობე და სხვა აქტივები.
აღნიშნულ პიროვნებასთან, გამოსახლების თაობაზე, შეთანხმება ვერ შედგა შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.