ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„რამდენიმე საათში 150 კგ ლოკოკინა შემიგროვებია - ზოგი თვეში 2000 ლარამდეც გამოიმუშავებს“

დაახლოებით 5 წლის წინ საქართველოს სხვადასხვა კუთხის არაერთ სოფელში ერთდროულად გაიხსნა ჩვენში გავრცელებული ველური ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტები. იმხანად მოსახლეობას 1 კილოგრამი ლოკოკინას შეგროვებაში 80 თეთრს უხდიდნენ, ამჟამად კი კილოგრამ გარეულ ლოკოკინას 1 ლარად იბარებენ. სწორედ გარეულს და არა ლოკოკინების ფერმისას, რომელიც არაერთ ადგილას არის გახსნილი და ტონობით ლოკოკინას აწარმოებენ.

დღესდღეობით ლოკოკინას იბარებენ ქართლ-კახეთისა და იმერეთის სოფლებში, სადაც ამ საქმეზე არაერთი ჩვენი მოქალაქე მუშაობს, განსაკუთრებით მოზარდები, სკოლისგან დასვენების დღეებში. ჩვენ ლოკოკინების შემგროვებელ კობა ცხადაძეს გორში გავესაუბრეთ. ის ლოკოკინების ჩაბარებაზე იმ დროიდან მუშაობს, რა დროსაც გორში ლოკოკინების ჩამბარებელი პუნქტი გაიხსნა.

- საქართველოში ლოკოკინას მიმღები კიდევ 17 პუნქტია გახსნილი, გორში კი ლამის ყველა სოფელშია. რა გამოდის, გორის ბაღებში ყველაზე მეტი ლოკოკინაა?

- ლოკოკინას ბიზნესი საქართველოში დიდი ხანია დაიწყო, ერთიმეორის მიყოლებით გაიხსნა ლოკოკინას ფერმები. როგორც ამბობენ, მთელ ევროპაში, განსაკუთრებით კი საფრანგეთში, ლოკოკინაზე ძალიან დიდი მოთხოვნაა და ფერმებიც სწორედ ამიტომ გაიხსნა. თუმცა, როგორც ვხვდები, ფერმებზე მეტი მოგება გარეულ ლოკოკინას მოაქვს, რადგან ბუნებაში ის თავისთავად მრავლდება, ხარჯს არ მოითხოვს. ამიტომ არის, რომ ძალიან ბევრი შემგროვებელი პუნქტი გაიხსნა. მაგალითად, გორის სოფლებში უამრავი პუნქტია.

საქართველოში ველური ლოკოკინა ყველგან არის, განსაკუთრებით ვაზზე, იმიტომაც ვეძახით ვაზის ლოკოკინას. დილით რომ გამოხვიდეთ კახეთში, გადავსებულია ვაზები, ლოკოკინები ყლორტებსაც ჭამენ და ფოთლებსაც, გორის სოფლებში კი ბლომად მარცვლეულის ნათესები და ბაღებია, ცხადია, იქნება ლოკოკინა, აბა, რა. ხალხისგან ხშირად გამიგონია, გადაძოვეს ყველაფერი, ჩვენ თავად შეგიგროვებთ და გაგატანთ, ოღონდ წაიყვანეთო.

- არც ეგრე უნდა იყო საქმე, სოციალურ ქსელში ბევრგან წერენ, თუ ამ ტემპით გაანადგურეს ლოკოკინა, საქართველოში ეს სახეობა გაქრებაო.

- სხვათა შორის, თუ ლოკოკინას დიამეტრი არ აღემატება 26 მმ-ს, არ ჩაიბარებენ. მათ გამრავლებას საფრთხე არ უნდა დაემუქროს.

- მაინც რამდენია საშუალო მაჩვენებელი, შემგროვებელს რამდენი ლოკოკინას შეგროვება შეუძლია დღეში?

- ყოფილა შემთხვევა, რამდენიმე საათში 150 კგ ლოკოკინა შემიგროვებია. ზოგი თვეში 2000 ლარამდეც გამოიმუშავებს.

- წლის რომელი დროის განმავლობაში აგროვებთ ლოკოკინას?

- დაახლოებით მარტის ბოლოდან სექტემბრამდე. შემდეგ ლოკოკინა, როგორც დათვი, საზამთროდ დასასვენებლად ემზადება, შეიკეტება ნიჟარაში და იძინებს. განაგრძეთ კითხვა: