ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საქართველოდან ადგილობრივი წარმოების ყველაზე მეტი - 122 მლნ დოლარის პროდუქტი რუსეთში გავიდა

საქართველოდან ადგილობრივი წარმოების ყველაზე მეტი 122 მლნ დოლარის პროდუქტი რუსეთში გავიდა. აღნიშნულს მოწმობს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, „საქსტატის“ მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-მარტში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 1.401 მლრდ. აშშ დოლარი შეადგინა, რაც 5.7 პროცენტით მეტია გასული წლის შესაბამის მაჩვენებელზე.

მათივე ცნობით, ადგილობრივი ექსპორტი (ექსპორტი რეექსპორტის გარეშე), მთლიანი ექსპორტის 45.8 პროცენტს შეადგენს. აღნიშნული მაჩვენებელი წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 0.1 პროცენტით შემცირდა და 641.8 მლნ. აშშ დოლარს გაუტოლდა.

„2025 წლის იანვარ-მარტში ათი უმსხვილესი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ადგილობრივ ექსპორტში 67.4 პროცენტი შეადგინა. ამ მხრივ, უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორებია: რუსეთი (122.0 მლნ. აშშ დოლარი), თურქეთი (66.9 მლნ. აშშ დოლარი) და ჩინეთი (47.5 მლნ. აშშ დოლარი).

exportiori-1745305852.jpg

2025 წლის იანვარ-მარტში ადგილობრივი ექსპორტის ათეულში პირველ ადგილზე ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები არის წარმოდგენილი 53 მლნ. აშშ დოლარით, აღნიშნული სასაქონლო ჯგუფის წილი მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 8.3 პროცენტს შეადგენს. მეორე ადგილზეა ყურძნის ნატურალური ღვინოები, 49.6 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.7 პროცენტი), ხოლო მესამე ადგილს იკავებს სპირტიანი სასმელები 45.4 მლნ. აშშ დოლარით (მთლიანი ადგილობრივი ექსპორტის 7.1 პროცენტი),“ - ნათქვამია „საქსტატის“ ინფორმაციაში.