ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
საფუტკრეების მასობრივი დაზიანების თავიდან ასაცილებლად დროული რეაგირებაა საჭირო - „მეთაფლია“

საქართველოში ფუტკრის დაავადება ტროპილელაფსოზის გავრცელების წინააღმდეგ ბრძოლის ინტენსიური ღონისძიებების განხორციელების უზრუნველსაყოფად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით, სპეციალური სამუშაო ჯგუფი შეიქმნა.

ჯგუფი შესაბამისი სახელმწიფო სტრუქტურების, სამეცნიერო წრეების, ასოციაციების და კერძო მეფუტკრეების ჩართულობით იმუშავებს.

„სამუშაო ჯგუფის ფარგლებში, ერთობლივად დავგეგმავთ და განვახორციელებთ ღონისძიებებს, რომლებიც დაავადების ეფექტიან მართვას, მათ შორის, გავრცელების მინიმიზაციას ისახავს მიზნად“, - აღნიშნა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სურსათის პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსმა თენგიზ კალანდაძემ.

მეფუტკრე-ფერმერები სამუშაო ჯგუფის ფორმატში მუშაობას მიესალმებიან. დასავლეთ საქართველოს მეფუტკრეთა ალიანსის წევრმა გიორგი ლაკვეხელიანმა რომელსაც 300 ფუტკრის ოჯახი ჰყავს, შეხვედრაზე ხაზგასმით აღნიშნა, რომ დაავადების მართვის მთავარ გამოწვევად მისი დროული აღმოჩენა რჩება.

„გასული წლის გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ ტროპილელაფსოზი მართვადია, თუ მეფუტკრეები მას დროულად აღმოაჩენენ, ერთს მაინც თუ გამოავლენენ, ჩათვალეთ, რომ პრობლემა აღარ არის, რადგან ჩვენს ხელთ არსებული ზოოტექნიკური, ქიმიური და ბიოლოგიური საშუალებებით თავისუფლად შეგვიძლია პროცესი ვმართოთ“, - განაცხადა გიორგი ლაკვეხელიანმა.

კომპანიის „მეთაფლია“ დამფუძნებლის, როლანდ ზირაქაშვილის თქმით, დროული რეაგირება ქმნის შესაძლებლობას, თავიდან იქნეს აცილებული საფუტკრეების მასობრივი დაზიანება.

„დღეს უკვე გვაქვს საჭირო პრეპარატები და ვიცით, როგორ ვიმოქმედოთ როგორც ქიმიური, ასევე ზოოტექნიკური მეთოდებით. მზად ვართ დაავადებას ეფექტიანად ვუპასუხოთ“, - განაცხადა როლანდ ზირაქაშვილი.

დაავადების იდენტიფიკაციის, მართვის სტრატეგიებისა და გასატარებელი ღონისძიებების შესახებ საინფორმაციო მასალები მეფუტკრეებს უკვე დაურიგდათ.

ცნობისთვის, აპრილის დასაწყისში მეფუტკრეების პრობლემაზე რადიო „პალიტრასა“ და „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „საქმე“ საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების ხელმძღვანელმა ალეკო პაპავამ ისაუბრა. მისი თქმით, საქართველოს მასშტაბით 50-60%-საც შეიძლება მიაღწიოს ფუტკრის ოჯახების დაცემამ. ამის მიზეზი კი

დაავადება ტროპილელაფსოზი შეიძლება გახდეს, რომელიც საქართველოში გასული წლიდან გავრცელდა.

იხილეთ ასევე: „ზარალი დიდი იქნება - ფუტკრის ოჯახების 50-60% შეიძლება განადგურდეს“