2030 წლისთვის მადრიდსა და ლისაბონს შორის ჩქაროსნული მატარებელი იმოძრავებს, რაც მგზავრობის 10 საათზე მეტ დროს სამ საათამდე შეამცირებს.
ინფორმაციას 34travel ავრცელებს.
ახალი მარშრუტი ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატისთვის გაიხსნება, რომელსაც ესპანეთი და პორტუგალია ერთობლივად უმასპინძლებენ.
ორი ქვეყნის დედაქალაქს შორის პირდაპირი სარკინიგზო მომსახურება 2020 წლიდან შეჩერებულია, როცა ესპანეთის სარკინიგზო კომპანია Renfe-მ COVID-19-ის პანდემიის გამო Trenhotel Lusitania-ს ღამის მატარებლის მომსახურება შეწყვიტა.
ახალი პროექტი ევროკომისიამ უკვე დაამტკიცა და ევროპაში სატრანსპორტო ქსელის განვითარების გეგმის ნაწილი გახდა.
პორტუგალიაში მარშრუტის ელვაშიდან ევორამდე მონაკვეთის ექსპლუატაციაში გაშვება წელს იგეგმება. ეს ლისაბონსა და ესპანეთის ქალაქ ბადახოსს შორის მგზავრობის დროს, თითქმის, ორჯერ შეამცირებს.
პროექტი ტექნიკური გამოწვევების წინაშე დგას. კერძოდ, ქვეყნების ინფრასტრუქტურასა და მოძრაობის მართვის სისტემებს შორის არსებული განსხვავებები წელს უნდა მოგვარდეს. ამასთან, კომპანია Renfe-ს მოძრავი შემადგენლობის ნაწილის ადაპტირება მოუწევს, რაც დამატებით ინვესტიციებს მოითხოვს.
ასევე, ცნობილი გახდა, რომ პორტუგალია ლისაბონიდან 40 კილომეტრში, ალკოშეტეში ახალ საერთაშორისო აეროპორტს ააშენებს, რომელიც 2034 წლისთვის უნდა ამოქმედდეს. მან უმბერტუ დელგადუს გადატვირთული აეროპორტი ჯერ უნდა განტვირთოს, ხოლო გრძელვადიან პერსპექტივაში ჩაანაცვლოს. ასევე, მდინარე ტახოზე, რომელიც პორტუგალიის დედაქალაქში მიედინება, მესამე ხიდის აშენება იგეგმება, რომ ახალ აეროპორტთან წვდომა გაუმჯობესდეს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ