ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Ozon, Wildberries, Yandex.Market - პუტინის “პირადი მოლარე” რუსული მარკეტპლეისების დაუფლებას ცდილობს

პუტინის ძველი მეგობრისა და მოკავშირის, მილიარდერ იური კოვალჩუკის მიერ კონტროლირებადი სტრუქტურები რუსული მარკეტპლეისების, Ozon-ისა და Wildberries-ის დასაკუთრებას გეგმავენ.

ამის შესახებ The Bell-ს ბაზრის წყაროებმა განუცხადეს.

კოვალჩუკმა, რომელსაც აშშ-ის ხაზინა პუტინის „პირად მოლარეს“ უწოდებს, თავისი კომპანიების მეშვეობით რუსეთის სიდიდით მეორე ონლაინ-მაღაზია Ozon-ის 27.7%-იანი წილი შეიძინა, რასაც გამოცემას გარიგების ერთ-ერთ მხარესთან დაახლოებული წყარო უდასტურებს. Ozon რუსული ელექტრონული კომერციის ბაზრის, თითქმის, მეოთხედს შეადგენს.

გარიგება 2024 წელს შედგა, ხოლო მისი კურატორი პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსის პირველი მოადგილე, სერგეი კირიენკო იყო. Ozon-ში წილი 38.2 მლრდ რუბლად (470 მლნ დოლარამდე) Vostok Investments-მა გაყიდა.

ამის გარდა, კოვალჩუკის ინტერესთა სფეროში რუსული ონლაინ-ვაჭრობის ლიდერი კომპანია Wildberries-იცაა, რომელიც ბაზრის მესამედს იკავებს. წყაროების ცნობით, მარკეტპლეისი პუტინის მეგობარს „კომპანიის გარშემო მიმდინარე კორპორატიული კონფლიქტის შედეგად“ გადაეცემა. ახლახან მოსკოვის სასამართლომ Wildberries-ის ყოფილ თანამფლობელ ვლადისლავ ბაკალჩუკს კომპანიაში დარჩენილი წილის მეუღლისთვის, ტატიანა კიმისთვის გადაცემა დაავალდებულა. კოვალჩუკის სტრუქტურების მიერ Wildberries-ის შესყიდვისადმი ინტერესს The Bell-ს ბაზრის მონაწილეებიც უდასტურებენ.

კოვალჩუკის მიერ კონტროლირებადი კომპანიები, ასევე, Yandex.Market-ის ნაწილს ფლობენ. კერძოდ, Forbes წერს, რომ პუტინის მეგობრის სტრუქტურების ინტერესთა სფეროში შესაძლოა, საიტის 40%-მდე მოხვდა.

ეს სამი მარკეტპლეისი, Ozon, Wildberries და Yandex.Market ბაზრის 60%-ზე მეტს აკონტროლებს და, გამოცემის შეფასებით, მათი აქტივების ერთიან კონტროლქვეშ მოქცევა „ფასდაკლებების ომის შეჩერების“ საშუალებას იძლევა.

ცნობისთვის: 74 წლის იური კოვალჩუკი „ბანკ როსიას“ მთავარი აქციონერი და ჩრდილო-დასავლეთის სტრატეგიული კვლევების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარეა. ის 3 მლრდ დოლარის ქონებით რუსული Forbes-ის რეიტინგში 47-ე ადგილს იკავებს. 1996 წელს კოვალჩუკი პუტინის სააგარაკე კოოპერატივ „ოზეროს“ თანადამფუძნებელი გახდა. ის, ასევე, „ეროვნული მედია ჯგუფის“ თანამფლობელია. “ვერსტკას” წყაროების ცნობით, სწორედ მან იქონია მთავარი გავლენა პუტინის გადაწყვეტილებაზე უკრაინაში შეჭრის შესახებ. აღსანიშნავია, რომ კორონავირუსის პანდემიის დროს კარანტინის გარეშე პუტინთან ახლოს, მის რეზიდენციაში ყოფნის უფლება მხოლოდ კოვალჩუკს ჰქონდა.

მისი ძმისშვილი, კირილი კომპანია „ABR Management“-ის მმართველი დირექტორი, ხოლო ძმა, მიხაილი ეროვნული კვლევითი ცენტრის, „კურჩატოვის ინსტიტუტის“ პრეზიდენტია. იური კოვალჩუკის ვაჟი, ბორისი სახელმწიფო კომპანია Inter RAO-ს გამგეობის ყოფილი თავმჯდომარე, ამჟამად კი ანგარიშთა პალატის ხელმძღვანელია. ის გასული წლის მარტში, ასევე, პრეზიდენტის კონტროლის სამმართველოს უფროსის მოადგილედ დაინიშნა.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ