„საქართველოში წლიურად 2-დან 3 ათას ტონამდე თაფლის წარმოება ხდება, აქედან დაახლოებით 1 500 ტონა შიდა მოხმარებისთვის გვჭირდება. შესაბამისად, ექსპორტისთვის დაახლოებით 500-დან 1 500 ტონამდე თაფლი გვრჩება და ჩინეთის უზარმაზარ ბაზარზე რამდენი უნდა გავიტანოთ, რთული სათქმელია“, - ამბობს „ბიზნესპრესნიუსთან“ „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი, ალეკო პაპავა.
გასულ კვირას, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა და ჩინეთის კომერციის მინისტრის მოადგილემ, ლინ ძინმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, ქართული თაფლის ჩინეთის ბაზარზე განთავსების ნებართვის შესახებ.
გარდა ამისა, იგი, ჩინეთის ბაზარზე ექსპორტთან მიმართებით, ორ მნიშვნელოვან შემაფერხებელ ფაქტორზე საუბრობს.
„მართალია, ჩინელი ადამიანი წელიწადში საშუალოდ 200-300 გრამ თაფლს მოიხმარს, რაც ძალიან ცოტაა, მაგრამ ვიცით, რომ უდიდესი ქვეყანაა და ბაზარიც ჰიპერ მასშტაბურია. ამის გათვალისწინებით, ჩვენი 500-1500 ტონის საექსპორტო რესურსის ფონზე, რთული სათქმელია, რა რაოდენობის თაფლი უნდა გავიტანოთ, რომ ჩინეთისთვის მნიშვნელოვანი იმპორტიორები გავხდეთ. მეორე მხრივ, თურქეთში თაფლის მოხმარება ძალიან მასშტაბურია და იმპორტის მაჩვენებელიც მაღალი აქვთ. ჩვენ ამ ქვეყანასთანაც გვქონდა გარკვეული შეთანხმება, მაგრამ ბოლო წლებში იქ ჩვენი თაფლი პრაქტიკულად არ გადის...
მეორე და უფრო ხაზგასასმელი ფაქტორი არის ის, რომ ჩინურ ბაზარზე თაფლის შეტანას შესაბამისი შემოწმება და თაფლის ხარისხის დადასტურება სჭირდება, რაც დიდ თანხებთან არის დაკავშირებული, ჩვენთან კი ამისთვის ფულადი რესურსი სათანადოდ არ გამოიყოფა - ზოგადად, ამას სათანადო დონეზე სულ 5-6 ქვეყანა აკეთებს. მაგალითად, მსოფლიოში ახალ ზელანდიური თაფლია განსაკუთრებით ცნობილი, ისინი ყველაფერს თანამედროვე სტანდარტების დაცვით აკეთებენ და რეპუტაციაც შესაბამისი აქვთ. ამიტომაც, ნამდვილად გამიჭირდება იმის თქმა, ჩინურ ბაზარზე ჩვენ რა პერსპექტივა გვაქვს.
ჩემი შეფასებით, ეს ორი მთავარი ფაქტორია გასათვალისწინებელი: 1) რა რაოდენობის თაფლის მიწოდება შეგვიძლია ჩინეთისთვის; 2) როგორ შევძლებთ მათი ბაზრისთვის საჭირო სათანადო ხარისხობრივი სტატუსის მიღებას, როცა ეს პროცედურა დიდ თანხებთანაა დაკავშირებული“.
მეფუტკრე ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოში საერთაშორისო ხარისხის თაფლის წარმოების პოტენციალი ნამდვილად არსებობს, თუმცა ხელს ფინანსები და არასათანადო რესურსი უშლით.
„საქართველოს მთავრობა თაფლის წარმოებისგან ყოველწლიურად 90-100 მლნ ლარს იღებს და ვიტყოდი, რომ ამ თანხის 10% სფეროს განვითარებას რომ მოხმარდეს, გაცილებით წინ ვიქნებოდით.
ზოგადად, საქართველო არის ის ადგილი, სადაც საერთაშორისო ხარისხის თაფლის წარმოება ნამდვილად შესაძლებელია, მაგრამ ამისთვის, სათანადო ფულად რესურსთან ერთად, შესაფერისი განათლება და ადამიანური რესურსიც, არის საჭირო“, - ამბობს „საქართველოს მეფუტკრეთა გაერთიანების“ ხელმძღვანელი „ბიზნესპრესნიუსთან“.