მიუხედავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისა, 2025 წლის პირველ კვარტალში აქციზის, მოგების, დღგ-ს და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. ფინანსთა სამინისტროს ხაზინის მონაცემების მიხედვით, აქედან ყველაზე დიდი გარღვევა აქციზის გადასახადის ნაწილში იყო.
ამასთან, ხაზინის 2025 წლის იანვარ-მარტის შესრულების ანგარიშის თანახმად, მიღებული სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლებმა 5.7 მლრდ ლარი შეადგინა, რაც პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის 5.581 მლრდ ლარის 102.1%-ია.
ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, გადასახადების პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობა 5.308 მლრდ ლარი იყო, ხოლო მიღებულმა თანხამ 5.428 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 102.3% შეადგინა.
უფრო კონკრეტულად, სამ თვეში ბიუჯეტის შესრულების მაჩვენებელი გადასახადების მიხედვით ასე გამოიყურება:
· საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.849 მლრდ ლარი, მიღებული იქნა 1. 873 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 101.3%;
· „მოგების გადასახადის“ სახით მიღებული შემოსავლების მოცულობამ 820.85 მლნ ლარი შეადგინა, ეს კი პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობის - 850 მლნ ლარის 96.6%-ია.
· დამატებული ღირებულების გადასახადი საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 1.884 მლრდ ლარი, ფაქტიურად, მიღებულია 1.872 მლრდ ლარი, ანუ საპროგნოზო მოცულობის 99.4%.
· „აქციზის“ სახით მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 490.49 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის - 560 მლნ ლარის 87.6%–ია;
· „გადასახადები საგარეო ვაჭრობასა და საგარეო ეკონომიკურ ოპერაციებზე“ (იმპორტის გადასახადი) პირველი კვარტლის საპროგნოზო მოცულობამ შეადგინა 35 მლნ ლარი, მიღებულმა შემოსავალმა კი შეადგინა 31 333.9 ათასი ლარი, რაც გეგმის 89.5%–ია.
· სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.