პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ადმინისტრაცია აშშ-ში შობადობის წახალისებას გეგმავს. ერთ-ერთი გეგმით, მშობიარობის შემდეგ დედებს 5 000 დოლარამდე „საბავშვო ბონუსი“ გადაეცემათ.
ამის შესახებ New York Times (NYT) წყაროებზე დაყრდნობით წერს.
სხვა წარმოდგენილი გეგმების მიხედვით, დაქორწინებულებისთვის ან შვილების მყოლი პირებისთვის ფულბრაიტის სტიპენდიების 30%-ის რეზერვირება მოხდება, ხოლო ქალებში მენსტრუალური ციკლის შესახებ განათლების პროგრამები დაინერგება, რაც მათ დაორსულებაში დაეხმარება.
ტრამპის ადმინისტრაცია ჯერ არ აკონკრეტებს, თუ რომელ გეგმას განახორციელებს. თუმცა, NYT-ის ცნობით, “შობადობის საკითხი დღის წესრიგის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნება;” მითუმეტეს, იმ ფონზე, როცა ტრამპის მთავარი მოკავშირეები, მათ შორის, ტექნოლოგიური მილიარდერი, ილონ მასკი და ვიცეპრეზიდენტი, ჯეი დი ვენსი ამერიკელებს მეტი შვილის ყოლისკენ მოუწოდებენ.
ახლახან Wall Street Journal წყაროებზე დაყრდნობით წერდა, რომ მასკი ქალებს მემკვიდრის გაჩენას სთავაზობს, რომ შვილების „ლეგიონი“ შექმნას, ხოლო თავისი გეგმის განსახორციელებლად საკუთარ სოციალურ ქსელ X-ს იყენებს.
მანამდე დონალდ ტრამპმა აშშ-ის მოსახლეობას „ბეიბი-ბუმისკენ” მოუწოდა, ხოლო საკუთარ თავს „განაყოფიერების პრეზიდენტი“ უწოდა. თებერვალში მან ხელი მოაწერა ბრძანებულებას, რომელიც ინ-ვიტრო განაყოფიერებაზე ხელმისაწვდომობის გაფართოებას ისახავს მიზნად.
ცნობისთვის: აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი ათწლეულების განმავლობაში მცირდება. 2022 წელს კოვიდპანდემიის შემდგომი მცირედი ზრდის შემდეგ, 2023 წელს აშშ-ში შობადობის მაჩვენებელი ისტორიულ მინიმუმამდე დაეცა. კერძოდ, ერთ ქალზე 1.62 მშობიარობა დაფიქსირდა, მაშინ, როცა აშშ-ის ჯანდაცვის სტატისტიკის ეროვნული ცენტრის მონაცემებით, სტაბილური პოპულაციის „რეპროდუქციის მაჩვენებელი“ 2.1-ია.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ