ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ეს არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ დამატებითი ტვირთნაკადით უზრუნველყოს შუა დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა“

ყაზახური მარცვლეულის ექსპორტის მიმართულებით, შექმნილ ფაქტორთა ერთობლიობა, საქართველოს უხსნის შესაძლებლობების „ფანჯარას“, უპირველეს ყოვლისა, საკუთარი მოხმარებისათვის, რუსეთის ხორბალზე დამოკიდებულება შეამციროს. ამის შესახებ ანალიზს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი ავრცელებს.

TCRC-ს შეფასებით, გარდა ამისა, ეს არის შესაძლებლობა ქვეყნისთვის, რომ დამატებითი ტვირთნაკადით უზრუნველყოს შუა დერეფანი და ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა. როგორც სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი განმარტავს, ორივე შემთხვევაში, საქართველოს სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა დაიტვირთება.

„აღნიშნული შესაძლებლობის გამოყენება, სახელმწიფოს უბიძგებს ყაზახურ მხარესთან აქტიურ კომუნიკაციაში შესვლას და ფოთის ნავსადგურის მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების მოზიდვაში ხელშეწყობას“,- აღნიშნავს TCRC.

ანალიზის მიხედვით, ყაზახეთის მიერ კურიკის და აქტაუს ნავსადგურებში, მარცვლეულის ინფრასტრუქტურაში ინვესტიციების დაბანდების მიუხედავთ, ყაზახური ხორბალი შუა დერეფნის, კერძოდ ფოთის ნავსადგურის გავლით ევროპულ და ჩრდილოეთ აფრიკის ბაზრებზე ჯერ კიდევ ვერ ხვდება. თუმცა, ცენტრალურ აზიაზე, ირანზე, ჩინეთზე და რუსეთზე გამავალი დერეფნები აქტიურად არიან დატვირთულები.

როგორც ცნობილია, 2024 წლის ბოლოს, ყაზახეთმა საკუთარი სავაჭრო შესაძლებლობების გასაფართოებლად, მისი ერთ-ერთი სტრატეგიული საექსპორტო პროდუქციის – მარცვლეულის, მსოფლიო ბაზრებზე რეალიზებისათვის სატრანსპორტო ხარჯების, სახელმწიფო სუბსიდირების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

ამასთან, სახელმწიფო სუბსიდირებამ მარცვლეულის გადაზიდვების ხუთი ძირითადი მიმართულება მოიცვა:

  • აზერბაიჯანის დანიშნულებით;
  • აზოვის, ბალტიის და შავი ზღვების ნავსადგურების გავლით ევროკავშირის და ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნების მიმართულებით;
  • ირანის დანიშნულებით;
  • თურქმენეთზე ტრანზიტით ავღანეთის დანიშნულებით;
  • ჩინეთზე ტრანზიტით სამხრეთ – აღმოსავლეთ აზიის ქვეყნების მიმართულებით;

TCRC წერს, რომ ხუთივე მიმართულება ყაზახეთისთვის, მარცვლეულის გასაღების ტრადიციულ, ბაზრებს წარმოადგენს, თუმცა, გარდა ამისა, ქვეყანა პროდუქტის რეალიზებას ცენტრალური აზიის მეზობელ ქვეყნებში ახორციელებს.

სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის შეფასებით, მარცვლეულის რეალიზებისთვის, ყაზახეთი ინტენსიურად აფორმებს გრძელვადიან ხელშეკრულებებს, რაც გარანტირებული გადაზიდვების დაგეგმვის ძირითად კომპონენტს წარმოადგენს. „შუა დერეფნით ყაზახური ხორბლის საქართველოზე ტრანზიტად ევროპის და ჩრდილოეთ აფრიკის (ეგვიპტე, ლიბია, მაროკო) მიმართულებით გადაზიდვების განსახორციელებლად, მნიშვნელოვანია შუა დერეფნის ხორბლის გადაზიდვის მარშრუტზე, სატერმინალო ქსელის გამტარუნარიანობა შესაბამისობაში იქნეს მოყვანილი, რაც გულისხმობს ყაზახეთში – აქტაუს და კურიკის, აზერბაიჯანში – ბაქოს სიახლოვეს გოვსანის და საქართველოში ფოთის ნავსადგურში ხორბლის ტერმინალების გამტარუნარიანობების თავსებადობას“,- აღნიშნულია კვლევაში.

ანალიზის მიხედვით, ფოთის ხორბლის ტერმინალს გააჩნია 16 ათასი ტონა ხორბლის ერთდროული შენახვის, ასევე 25 ვაგონის მიღების და დამუშავების შესაძლებლობა, ხორბლის ტერმინალს 2.2 ჰექტარი უკავია, მაგრამ შესაძლებელია დამატებით 1.5 ჰექტარზე გაფართოვდეს.

„მიუხედავად იმისა, რომ ერთდროული შენახვის საცავები არსებობს, ფოთის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალის გამტარუნარიანობა, ვაგონების დამუშავება და ხორბლის გატარების დღიური ნორმა საგრძნობლად ჩამორჩება, კურიკის, აქტაუს და გოვსანის ტერმინალის სიმძლავრეებს.

ყველა პარამეტრით გათვალისწინებით, შუა დერეფნის მარშრუტზე ფოთის ნავსადგურის ხორბლის ტერმინალი „ვიწრო“ რგოლს წარმოადგენს. ბოლო ინფორმაციით, ყაზახეთი გეგმავს, მის მიერ 2008 და 2012 წლებში ფოთის ნავსადგურში დაანონსებული და განუხორციელებელი, მარცვლეულის ტერმინალის პროექტის რეანიმირებას.

ექსპერტთა ვარაუდით, დღეს მსხვილი მასშტაბით ხორბლის გატარებისთვის საქართველო მზად არ არის, იმისთვის, რომ შავი ზღვის გავლით მოხდეს ხორბლის ტრანსპორტირება, მათი აზრით, უნდა აშენდეს მარცვლეულის ტერმინალი ფოთში.

ასეთ პირობებში საქართველოს შუა დერეფნით მიეცემა შესაძლებლობა, ყაზახური ხორბლის დამატებითი მოცულობები მოიზიდოს“,- აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

TCRC-ს შეფასებით, გარდა ამისა, როდესაც მარცვლეულის ექსპორტის სუბსიდირებას ყაზახური მხარე აქტიურად განიხილავს, პირველ ეტაპზე, ყაზახური მარცვლეულის მიღება საქართველომ შიდა მოხმარებისთვის უნდა განახორციელოს, რაც რუსეთთან დამოკიდებულებას შეამცირებს და ხორბლის იმპორტის დივერსიფიცირების სტრატეგიულ ამოცანას გადაწყვეტს.

„მიუხედავად იმისა, რომ ყაზახეთმა გადაზიდვების პრეფერციების ხარჯზე შეძლო მარცვლეულის გადაზიდვების სტიმულირება, გაზრდილი მოსავალი, ექსპერტთა შეფასებით, შემოდგომაზე ყაზახეთში ახალი მოსავლის შენახვის სიმძლავრის ნაკლებობას გამოიწვევს, რაც ყაზახეთისთვის დამატებითი პრობლემა იქნება.

ზუსტად ეს ფაქტორი წარმოადგენს, მნიშვნელოვან და საკვანძო გარემოებას, რამაც ყაზახეთს უნდა უბიძგოს, აზერბაიჯანის, ირანის და უშუალოდ ყაზახეთის ტერიტორიაზე მარცვლეულის ტერმინალების ანალოგიურად, ფოთის ნავსადგურშიც მარცვლეულის ტერმინალის მშენებლობაში ინვესტიციების ჩადების ხედვის ჩამოყალიბება.ფოთის ნავსადგურში მარცვლეულის ტერმინალის შესაძლებლობის გაფართოება, სახელმწიფოს პრეროგატივას მიეკუთვნება და სახელმწიფო უნდა წარმოჩინდეს ყაზახურ მხარესთან ძირითად მომლაპარაკებლად“,- აღნიშნავს სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი.

მათივე აზრით, საქართველოზე გამავალი დერეფნის, ბაქო-თბილისი- ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის დატვირთვის თვალსაზრისით, დადებით ტენდენციად უნდა იქნეს განხილული, თურქეთის მიერ საკუთარი წისქვილკომბინატებისათვის ხორბლის უბაჟო იმპორტის უფლების მიცემა. იმიტომ, რომ რუსული მარცვლეული, რომელიც ისტორიულად გადიოდა ამ ქვეყანაში, მნიშვნელოვანი მოცულობით ვერ შემოვა.

„ყაზახეთის მარცვლეულის კავშირი მიიჩნევს, რომ ტრანსპორტირების ხარჯების სუბსიდიების გათვალისწინებით, ყაზახური ხორბლისთვის, ბაქო-თბილისი- ყარსის რკინიგზის გავლით და ყარსში ხორბლის ტერმინალის გამოყენებით იხსნება დამატებითი შესაძლებლობების „ფანჯარა“,- აღნიშნავს TCRC.

ნინი ქეთელაური