ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„კანონის დარღვევაა - ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ“ - შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო

„შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო“, - ამის შესახებ იურისტი ნიკა სიმონიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, სამინისტრომ ჯარიმების გამოქვეყნება ისე დაიწყო, რომ მოქალაქეებისთვის ფოსტით ჩაბარება არ უცდია, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა.

„შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო. დღეს ბევრმა ადამიანმა მიიღო ამის შესახებ მესიჯი და მოკლე სამართლებრივ გზამკვლევს დაგიწერთ, რა უნდა გააკეთოთ.

შსს-ს მესიჯში წერია, რომ სატრანსპორტო საშუალებაზეა მოსული ჯარიმა, თუმცა ვიდეოჯარიმების შეტყობინების შაბლონებს იყენებს შსს და ჯარიმა რეალურად მანქანის გამო არაა მოსული. შეიძლება სასაცილოდ ჩანდეს, მაგრამ ამაზე ნუ გავაკეთებთ მთელ აქცენტს.

აქ მნიშვნელოვანი ისაა, რომ გამოქვეყნება ისე დაიწყეს, ფოსტით ჩაბარება არც კი უცდიათ, რაც ფორმალურად კანონის დარღვევაა. თუმცა გასაგებია, ეს რატომაც გააკეთეს, ამდენი ჯარიმის ჩაბარებას ვერ აუდიოდნენ და გაიმარტივეს საქმე.

მიუხედავად ამისა, ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ აუცილებლად. რა ვადაში და როგორ?

გამოქვეყნების დღე არის დღეს და დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაგეთვლებათ საჯარიმო ქვითარი ჩაბარებულად. შესაბამისად, ამ 30 დღის გასვლიდან 10 დღე არის ბოლო ვადა, როცა შესაძლებელი არის გასაჩივრება, თუმცა შეგიძლიათ ხვალვე შეიტანოთ საჩივარი.

ჩემი შეხსენება არ გჭირდებათ, მაგრამ მაინც ვიტყვი, რომ გასაჩივრებით ამ ჯარიმის მოქმედებას გააჩერებთ, ამიტომ არ დაიზაროთ. ჯარიმის ნახვა ამ ვებგვერდზე შეგიძლიათ: https://videos.police.ge/“, - წერს ნიკა სიმონიშვილი.

მერი ტაბატაძე