ევროპის ცენტრალური ბანკი (European Central Bank-ECB) ინფლაციის მიზნობრივ მაჩვენებელს მომდევნო თვეებში მიაღწევს. ამის შესახებ ევროპის ცენტრალური ბანკის მმართველი საბჭოს წევრმა, პიტერ კაზიმირმა განაცხადა, რასაც Bloomberg ავრცელებს.
„ინფლაცია მიზნობრივ მაჩვენებელს უახლოვდება და დარწმუნებული ვარ, მას უახლოეს რამდენიმე თვეში მივაღწევთ,“ - ხაზგასმით ამბობს კაზიმირი.
მისი თქმით, არსებულ “არასტაბილურ და ხშირად ქაოტურ პირობებში” ECB სიფხიზლესა და მოქნილობას ინარჩუნებს.
Bloomberg-ის შეფასებით, პიტერ კაზიმირის განცხადება მიუთითებს იმაზე, რომ ECB ინფლაციის 2%-მდე შემცირების მიზანს მალე მიაღწევს, მაშინ, როცა მარტში გამოქვეყნებული წინა პროგნოზით, ECB ამ მიზნის მიღწევას მხოლოდ 2026 წლის დასაწყისში ვარაუდობდა.
გასულ კვირას ECB-მა ძირითადი საპროცენტო განაკვეთი 2024 წლის ივნისის შემდეგ მეშვიდედ შეამცირა, რითაც მარეგულირებელი ევროზონის ეკონომიკის მხარდაჭერას სავაჭრო დაძაბულობის ფონზე ცდილობს.
ცნობისთვის: ფინეთის ცენტრალური ბანკის ხელმძღვანელი, ოლი რენი ვარაუდობს, რომ ახალ სავაჭრო ტარიფებს ევროზონაში ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის შეკავებაც კი შეუძლია. მისი თქმით, ტარიფებმა ინფლაცია შესაძლოა, მოკლევადიან პერიოდში შეამციროს. კერძოდ, “თუ ჩინეთი აშშ-ის მაღალი ტარიფების გამო ექსპორტს ევროპაში გადაიტანს, ენერგომატარებლების ფასები დაეცემა და ევრო გამყარდება, რაც ინფლაციურ ზეწოლას შეამცირებს.“
მოამზადა ლადო სულაბერიძემ