შსს-მ „შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ კანონის დარღვევისთვის გამოწერილი ჯარიმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაიწყო.
სამინისტროს განმარტებით, საჯარიმო ქვითრები ვიდეოჯარიმის პრინციპით გამოქვეყნდა, რის გამოც, მოქალაქეებისთვის გაგზავნილ შეტყობინებაში წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე და არა კონკრეტულ პირზე.
უწყების ცნობით, აღნიშნული წარმოადგენს ტექნიკურ ხარვეზს და შესაბამისი სამსახურები ხარვეზის აღმოსაფხვრელად მუშაობენ.
„შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე - police.ge-ზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 174 პრიმა მუხლით გათვალისწინებული („შეკრებებისა და მანიფესტაციების შესახებ“ საქართველოს კანონის დარღვევა) ჯარიმების გამოქვეყნება დაიწყო.
შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ვებგვერდზე საჯარიმო ქვითრები გამოქვეყნდა ავტომატურად, ვიდეოჯარიმის პრინციპით, რის გამოც მოქალაქეებს მიუვიდათ მოკლეტექსტური შეტყობინება, რომელშიც წერია, რომ საჯარიმო ქვითარი შედგენილია სატრანსპორტო საშუალებაზე.
ტექნიკური ხარვეზის აღმოსაფხვრელად შესაბამისი სამსახური მუშაობს“, - აღნიშნულია განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იურისტები უკვე საუბრობდნენ იმის შესახებ, რომ შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებ-გვერდზე გამოქვეყნება დაიწყო. ქვითრების გამოქვეყნება დღეს დაიწყო და ჯარიმა ჩაბარებულად დღეიდან 30 დღის ვადაში ჩაითვლება. იურისტები მოქალაქეებს ჯარიმის გასაჩივრებისკენ მოუწოდებენ.
იხილეთ ასევე: „კანონის დარღვევაა - ეს ჯარიმა უნდა გაასაჩივროთ“ - შსს-მ გზის გადაკეტვაზე ჯარიმების ვებგვერდზე გამოქვეყნება დაიწყო