აშშ-ში, საერთაშორისო სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტი ნათია თურნავა და ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორს იერუნ კლიკსა და ალტერნატიულ დირექტორს მარნიქს ვან რეის შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში არსებული ეკონომიკური მდგომარეობა და ხაზი გაუსვეს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებლებს.
ამასთან, როგორც ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, შეხვედრის ფარგლებში აღინიშნა, სებ-ის თანმიმდევრული მონეტარული პოლიტიკა და ფასების სტაბილურობა, საქართველოს საფინანსო სისტემის მდგრადობა.
„საუბარი ასევე შეეხო გლობალურ გამოწვევებსა და რისკებს. გარდა ამისა, მხარეებმა ისაუბრეს სამომავლო თანამშრომლობასა და მისიის მოახლოებულ ვიზიტზე საქართველოში. სსფ-ის აღმასრულებელი დირექტორის იერუნ კლიკის განცხადებით, მოუთმენლად ელის საქართველოში ვიზიტს მისიის ფარგლებში,“ - ვკითხულობთ სებ-ის ინფორმაციაში.
ცნობისთვის, გუშინ ნათია თურნავამ განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში საქართველოში, ე.წ. მეოთხე მუხლის პროგრამის ფარგლებში, სსფ-ის მისიის ვიზიტი იგეგმება.