ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„ეს არის მხოლოდ მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება“ - რა ამბობს გიორგი კაკაურიძე სხვა გადასახადების 261.2%-იან ზრდაზე

„აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს, შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები. რა თქმა უნდა, მსგავსი ვერ შეიძლება მოხდეს“,- ამის შესახებ ფინანსთა მინისტრის პირველმა მოადგილემ გიორგი კაკაურიძემ ისაუბრა.

მისი თქმით, ბიუჯეტში სხვა გადასახადების 261.2%-ან ზრდას თავის ახსნა აქვს. კერძოდ, როგორც კაკაურიძემ განმარტა, კომპანიების მიერ, ხელფასთან ერთად გადახდილი საშემოსავლო გადასახადი, თავდაპირველად ხვდება სხვა გადასახადებში, რაც მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადებში.

ცნობისთვის, ფინანსთა სამინისტრო, 2025 წლის ბიუჯეტის პირველი კვარტლის შესრულებასთან დაკავშირებით დამატებით განმარტებებს აკეთებს. როგორც გიორგი კაკაურიძემ განაცხადა, გადასახადები დაგეგმილზე გადაჭარბებით შესრულდა და ყველა გამოთქმული ვარაუდი საბიუჯეტო პრობლემების შესახებ არის მოსახლეობის შეგნებულად მოტყუების მცდელობა.

„დავიწყოთ იმით, რომ იანვარში იყო დღგ-ს ნაკლები შემოსვლა, რაზედაც აიგო მითი, რომ ეკონომიკა ჩამოიქცეოდა. თუმცა, საბოლოო ჯამში, გუშინწინ გამოქვეყნდა უკვე ახალი პროგნოზები, როგორც სავალუტო ფონდის, ისე მსოფლიო ბანკის და ვნახეთ, რომ საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზები არის იგივე შენარჩუნებული, მიუხედავად იმისა, რომ გლობალური ეკონომიკა გაცილებით უფრო ნაკლებად იზრდება, წელსაც და მომდევნო წლებშიც, ვიდრე ეს თავდაპირველად იყო განსაზღვრული.

რაც შეეხება გადასახადების შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ ყველამ კარგად ნახა, გადასახადები არის გადაჭარბებით შესრულებული, უფრო მაღალი მაჩვენებელია, ვიდრე დაგეგმილი იყო, მაინც გარკვეული სახეების მიხედვით, ნახეს, რომ გარკვეული ჩამორჩენები იყო და ამაზე კიდევ ერთხელ აიგო, რომ ჩამოიქცეოდა ჩვენი ბიუჯეტი და ვერ მოვახერხებდით პენსიების გაცემას, რაც შეიძლება ითქვას სასაცილოა. იმპორტის გადასახადში 3 მლნ დაგვაკლდა, ჩამორჩენა არის და 3 მლნ არის დაკლებული, მაშინ, როცა პენსიებში 300 მლნ-ს ვიხდით. 100-ჯერ მეტს ვიხდით ყოველთვიურად და რა თქმა უნდა, სასაცილოა გეგმასთან შედარებით 3 მლნ-ის დაკლება იძლეოდეს იმის თქმის საფუძველს, რომ პენსიები და ხელფასები ვეღარ დარიგდება. რაც აბსურდია.

მინდა, უფრო დეტალურად შევეხო გადასახადებსაც, თავიდან იყო დღგ-ზეც რომ ვერ სრულდებოდა, თუმცა, ვნახეთ, რომ საბოლოო ჯამში დღგ შესრულდა, ზუსტად იმდენით არის გაზრდილი გასულ წელთან შედარებით , რამდენითაც დაგეგმილი გვაქვს 2025 წლის ბიუჯეტში.

შემდეგ, აბსურდული განცხადებები მოვისმინეთ, თითქოს, შემოსავლების სამსახური სთხოვს კომპანიებს, რომ წინასწარ გადაიხადონ გადასახადები, რაც რა თქმა უნდა, აბსურდია, მსგავსი ვერ შეიძლება მოხდეს. რაც სხვა გადასახადებზე შეიძლება ითქვას, ხელფასთან ერთად რა თქმა უნდა, კომპანიები იხდიან საშემოსავლო გადასახადს, რომელიც თავდაპირველად ხვდება სხვა გადასახადებში და ეს უკვე მომდევნო თვის 15 რიცხვში აისახება საშემოსავლო გადასახადებში. ეს ყველა კომპანიამ კარგად იცის. ამიტომ, არ მგონია, მსგავსი განცხადებები მიზანმიმართული დეზინფორმაციის გარდა, სხვა რამეს ემსახურებოდეს.

რაც შეეხება გადასახადებს, სადაც რეალური დანაკლისი გვაქვს, ერთადერთი არის აქციზი, ამასაც თავის ახნა აქვს, თამბაქოსთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციები შევიდა წელს ძალაში შესაბამისად, ვერ მოხდა იმ რაოდენობის თამბაქოს შემოტანა იმპორტზე, რაც გასულ წლებში ხდებოდა ხოლმე. ამასთან, გარკვეული მარაგები იყო გაკეთებული კომპანიების მიერ. შესაბამისად, ეს დანაკლისი აქციზში რაც გვაქვს, უკვე მომდევნო თვეებში და კვარტლებში იქნება სრულად აღმოფხვრილი.

ამიტომ კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ბიუჯეტის შესრულებას ამ ეტაპზე არანაირი შეფერხება არ აქვს და პირიქით, გადაჭარბებით არის შესრულებული და ნებისმიერი მცდელობა, რომ წარმოაჩინონ თითქოს ბიუჯეტში პრობლემები, ეს არის მხოლოდ დეზინფორმაცია და მოსახლეობის შეგნებულად მოტყუება“,- განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.

შეგახსენებთ, რომ მიუხედავად საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსავლების ზრდისა, 2025 წლის პირველ კვარტალში აქციზის, მოგების, დღგ-ს და იმპორტის გადასახადის გეგმა ვერ შესრულდა. თუმცა, სხვა გადასახადების სახით მიღებულმა შემოსავლებმა იანვარ-მარტში შეადგინა 339.5 მლნ ლარი, რაც საპროგნოზო მოცულობის, 130 მლნ ლარის 261.2%-ია.

სხვა გადასახადებთან დაკავშირებით გამოქვეყნებულ მონაცემებზე, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი, რომან გოცირიძე აღნიშნავდა რომ ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი გადასახადები. მისი თქმით - „მთავრობა რეკეტს ეწევა და აიძულებს ბიზნესს წინმსწრებად შეიტანონ ფული ბიუჯეტში ან დროულად არ უბრუნებს კუთვნილ ზედმეტად გადახდილ თანხებს“.

ნინი ქეთელაური