ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
Meta-მ ტარიფების გამო რეკლამებში შესაძლოა, 7 მლრდ დოლარით იზარალოს

Meta-ს სარეკლამო ბიზნესმა აშშ-ის პრეზიდენტ დონალდ ტრამპის მიერ ჩინეთზე დაწესებული ტარიფების გამო წელს შესაძლოა, 7 მლრდ დოლარამდე იზარალოს, რადგან საცალო ვაჭრობის ჩინური ონლაინ-კომპანიები, Temu და Shein სოციალურ ქსელ Instagram-სა და Facebook-ზე სარეკლამო ხარჯს შეამცირებენ.

ინფორმაციას CNBC კომპანია MoffettNathanson-ის ანალიტიკოსებზე დაყრდნობით ავრცელებს.

ინვესტორებისთვის გაგზავნილ შენიშვნაში ანალიტიკოსებმა Meta-ს ფინანსური ანგარიში მოიყვანეს, რომელშიც წერია, რომ კომპანიამ 2024 წელს ჩინეთში 18.35 მლრდ დოლარი გამოიმუშავა, რაც მისი მთლიანი შემოსავლის 11%-ზე მეტია. ანგარიშში რეკლამის ძირითად განმთავსებლებად ექსპორტზე ორიენტირებული კომპანიები, კერძოდ, Temu და Shein არიან დასახელებული, რომლებიც აშშ-ში თავიანთ ბიზნესს აქტიურად უწევენ პოპულარიზაციას.

ახალი ტარიფების შემოღების შემდეგ Temu-მ აშშ-ში რეკლამის შემცირება უკვე დაიწყო, რამაც App Store-ში აპლიკაციის რეიტინგის დაცემაც გამოიწვია.

ანალიტიკოსები, ასევე, ინვესტორებს აფრთხილებენ, რომ თუ ეკონომიკური მდგომარეობა კვლავ გაუარესდა და აშშ-ში რეცესია დადგა, Meta-მ შესაძლოა, წელს სარეკლამო შემოსავლიდან 23 მლრდ დოლარამდე დაკარგოს, რაც კომპანიის წლიურ მოგებას ერთი-მეოთხედით შეამცირებს.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ