რუსების მიერ აღდგენილ სოხუმის აეროპორტს ახალი ოფიციალური ვებგვერდი აქვს. ინფორმაციას “აფსნიპრესი” ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, sukhumaero.com-ზე სრული და განახლებული ინფორმაციაა აეროპორტის ოპერირების ყველა ასპექტის შესახებ, მათ შორის არის ფრენების განრიგი, ანუ ინფორმაცია ჩამოსვლისა და გამგზავრების შესახებ, რომელიც რეალურ დროში ახლდება.
ასევე, წარმოდგენილია მგზავრობის დაგეგმვის სახელმძღვანელოები და რჩევები, ბარგის წესები, ვიზისა და ე.წ. საბაჟოს შესახებ ინფორმაცია.
ცალკე განყოფილებაში აეროპორტის უახლესი ამბები, მომავალ ღონისძიებებზე განცხადებები და სპეციალური შეთავაზებებია.
ვებგვერდზე, ასევე, საკონტაქტო, აეროპორტის ისტორიის, მენეჯმენტისა და სტრატეგიული მიზნების შესახებ ინფორმაცია არის მოცემული.
ამასთან, წარმოდგენილია ტერმინალის რუკა და ინფორმაცია აეროპორტში მოხვედრის საშუალებების შესახებ.
ცნობისთვის: მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან სოხუმის მიმართულებით 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი სამგზავრო ავიარეისი 3 მაისს შესრულდება, რომელსაც თათრეთის ავიაკომპანია, UVT Aero შეასრულებს, ხოლო 6 მაისიდან ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში ფრენებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია, „იკარი“ იწყებს.
UVT Aero ვნუკოვოს აეროპორტიდან ფრენებს ყოველკვირეულად, შაბათობით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე შეასრულებს, სოხუმში კი, სავარაუდოდ, 18:20 საათზე ჩაფრინდება. სოხუმიდან რეისი 19:20 საათზე შესრულდება და მოსკოვში თვითმფრინავი 23:10 საათზე დაეშვება. მგზავრობის დრო, დაახლოებით, ოთხი საათია. ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 12 ათასი რუბლია (144 დოლარია). ფასში 10 კგ-მდე წონის ბარგი და 5 კგ-მდე წონის ხელბარგი შედის. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. UVT Aero ფრენებს კანადური წარმოების ორმოცდაათადგილიანი Bombardier CRJ-200-ის რეაქტიული თვითმფრინავით შეასრულებს.
რაც შეეხება „იკარს,“ ნიჟნი-ნოვგოროდსა და სოხუმს შორის პირდაპირი ფრენის დრო 3:40 სთ-ია. თვითმფრინავი 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ადგილობრივი დროით 17:50 სთ-ზე აფრინდება და სოხუმში 21:30 სთ-ზე ჩავა. ბილეთის ფასი ერთ კაცზე ბარგის გარეშე 12,090 რუბლია (145 დოლარია), ხოლო 20 კგ-მდე ბარგით ამ ფასს 2.953 რუბლი (35 დოლარი) ემატება. აღსანიშნავია, რომ „იკარი“ სოხუმის რეისზე ბილეთებს ავიაკომპანია Nordwind-ის ბლანკზე აფორმებს. ფრენები Embraer 190/195-ის თვითმფრინავით შესრულდება. 6 მაისის შემდეგ „იკარი“ ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის მეორე რეისს 13 მაისს შეასრულებს.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ