ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
ისრაელიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა 34 ათასით გაიზარდა

ისრაელიდან ვიზიტორების რაოდენობა 72.9%-ით გაიზარდა - ამის შესახებ აღნიშნულია ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის განახლებულ სტატისტიკაში.

კერძოდ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში ისრაელიდან საქართველოში 80 896 ვიზიტი განხორციელდა. ეს კი მაშინ, როცა გასული წლის იმავე პერიოდში აღნიშნული ქვეყნიდან ვიზიტების რაოდენობა 46 789-ს შეადგენდა.

მონაცემები აჩვენებს, რომ წელს პირველ კვარტალში ისრაელის მოქალაქეებმა საქართველოში 34 107-ით მეტი ვიზიტი განახორციელეს, ვიდრე 2024 წლის იმავე პერიოდში.

აღსანიშნავია ისიც, რომ ისრაელი იმ ქვეყნების ჩამონათალშია, რომლის მოქალაქეებმაც საქართველოში დიდი მოცულობის თანხები დახარჯეს. კერძოდ, ეროვნული ბანკის სტატისტიკის მიხედვით, წლიურად ისრაელიდან ტურისტული შემოსავლები 73.84%-ით გაიზარდა და 2025 წლის პირველ კვარტალში 114.2 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია.

შეგახსენებთ, 2025 წლის 1-ელ კვარტალში საერთაშორისო მოგზაურების მიერ განხორციელებული ვიზიტები წლიურად 1.1%-ით გაიზარდა და 1.314 მლნ-ს გადააჭარბა. 2024 წლის იმავე პერიოდში განხორციელებული იყო 1.3 მლნ ვიზიტზე მეტი.

მერი ტაბატაძე