ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა - შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში“

ვის უნდა დავუპირისპირდე? მე გეტყვით, რომ მსგავსი არაფერი განიხილება, ეს არის აბსოლუტურად წმინდა წყლის სპეკულაციები და ცალკეული ადამიანის მიერ გავრცელებული მიზანმიმართული დეზინფორმაცია, რომელსაც არაფერი აქვს საერთო სიმართლესთან, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ ყოფილმა თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვას: “შესაძლოა თუ არა, რომ პოლიტიკაში ოპოზიციური პარტიით დაბრუნდეს”.

ღარიბაშვილის განმარტებით, ის პოლიტიკას ტოვებს და კერძო სექტორში გააგრძელებს საქმიანობას.

“რაც შეეხება ჩემს მომავალ საქმიანობას, ამასთან დაკავშირებით ჯერ კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ ამას საზოგადოება გაიგებს, ეს ძირითადად იქნება კერძო სექტორში საქმიანობა. მე შევეცდები, რომ ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები.

რაც შეეხება თქვენს კითხვას, არსებობს თუ არა ალბათობა იმისა, რომ პოლიტიკაში კიდევ დავბრუნდე, გამორიცხული არაფერი არ არის. ჩემი მთავარი მოტივაცია არის ის, რომ პოლიტიკიდან გავიდე, მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვიჩვენებს. რაც შეეხება მომავალ თავმჯდომარესთან დაკავშირებით, დაელოდეთ და გაიგებთ.

მე გითხარით, რომ მე პოლიტიკაში ახლა არ ვრჩები. მე ვრჩები ჩვენი ქვეყნის ერთგულ ჯარისკაცად. მე ვარ ბიძინა ივანიშვილის მხარდამჭერი და მე ვარ ბიძინა ივანიშვილის გუნდის ერთგული მხარდამჭერი, ჯარისკაცი. დღეს მე გადავწყვიტე რომ პოლიტიკიდან გავიდე, წინასწარ რა თქმა უნდა, მე არაფრის თქმა ახლა არ შემიძლია, მომიწევს თუ არა პოლიტიკაში დაბრუნება, შეიძლება აღარ მომიწიოს, შეიძლება მომიწიოს. წინასწარ ამაზე ნუ ვიმარჩიელებთ. დაველოდოთ, ცხოვრებას მივყვეთ! მე ყველას წარმატებას გისურვებთ.

თუ მეკითხებით იმას, რომ დღეს იმიტომ გადავდექი, რომ რაღაც ოპოზიციური პარტია შევქმნა, ეს არის სისულელე და ტყუილი. ძალიან გთხოვთ, ამ სისულელეებს ყურადღებას ნუ მიაქცევთ“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, ყოველთვის შეიტანს თავის პატარა წვლილს ქვეყნის გაძლიერებაში.

„აბა, რა მინდა სხვაგან, რატომ უნდა წავიდე?! რა თქმა უნდა, საქართველოში ვრჩები. მე ეს ქვეყანა ყველაზე მეტად მიყვარს. არც ერთ [სხვა] ქვეყანაში ცხოვრებას არ განვიხილავ. ღმერთმა დამიფაროს, რომ სხვა ქვეყანაში ცხოვრებაზე ვიფიქრო. ეს ჩვენი ქვეყანაა მეგობრებო. ეს არის ჩვენი სამშობლო და ჩვენ ყველამ ჩვენი პოზიციიდან უნდა ვიფიქროთ ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაზე და დაცვაზე. ასე არის. რა მნიშვნელობა აქვს, ვინ სად იქნება და რომელ თანამდებობაზე?! მე ასე ვუყურებდი. როგორც ერთ-ერთი პატრიოტი, მე, რა თქმა უნდა, ყოველთვის ვიოცნებებ ვიშრომებ, ჩემს პატარა წვლილს შევიტან ჩვენი ქვეყნის გაძლიერებაში,“ - განაცხადა ღარიბაშვილმა. კითხვაზე, ქვეყანაში შექმნილი ვითარების ფონზე არის თუ არა ახლა სახლში წასვლის დრო, ღარიბაშვილი ასე პასუხობს: „მე ვფიქრობ, მშვიდი სიტუაციაა. კარგი ამინდია და რატომაც არა?!“

ცნობისთვის, ღარიბაშვილმა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პოსტიდან გადადგომის შესახებ ცოტა ხნის წინ განაცხადა. ის ამბობს, რომ პოლიტიკიდან მიდის.