ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
სოხუმს პირდაპირი რეისებით, მოსკოვის გარდა, შესაძლოა, კიდევ რამდენიმე ქალაქი დაუკავშირდეს

რუსულმა სანქცირებულმა ავიაკომპანია NordStar-მა კრასნოიარსკიდან ოკუპირებულ სოხუმში კვირაში სამი რეისის შეასრულებაზე ნებართვა მიიღო. ამის შესახებ მოსკოვში აფხაზეთის დე ფაქტო ელჩმა, ალხას კვიცინიამ განაცხადა, რასაც რუსეთის ტურ-ოპერატორთა ასოციაციის პრესსამსახური თავის Telegram-არხზე ავრცელებს.

კვიცინიას თქმით, სოხუმს პირდაპირი რეისებით, მოსკოვის გარდა, შესაძლოა, სანქტ-პეტერბურგი, ურალი, ციმბირი, ვოლგისპირეთის ქალაქები და რუსეთის სამხრეთი დაუკავშირდეს.

როგორც ცნობილია, მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტიდან ოკუპირებული სოხუმის მიმართულებით 30 წელზე მეტი ხნის შემდეგ პირველი სამგზავრო ავიარეისი 3 მაისს შესრულდება, რომელსაც თათრეთის ავიაკომპანია, UVT Aero შეასრულებს, ხოლო 6 მაისიდან ნიჟნი-ნოვგოროდიდან სოხუმში ფრენებს კიდევ ერთი რუსული ავიაკომპანია, „იკარი“ იწყებს.

UVT Aero ვნუკოვოს აეროპორტიდან ფრენებს ყოველკვირეულად, შაბათობით, მოსკოვის დროით 14:30 საათზე შეასრულებს, სოხუმში კი, სავარაუდოდ, 18:20 საათზე ჩაფრინდება. სოხუმიდან რეისი 19:20 საათზე შესრულდება და მოსკოვში თვითმფრინავი 23:10 საათზე დაეშვება. მგზავრობის დრო, დაახლოებით, ოთხი საათია. ცალმხრივი ბილეთის ღირებულება 12 ათასი რუბლია (144 დოლარია). ფასში 10 კგ-მდე წონის ბარგი და 5 კგ-მდე წონის ხელბარგი შედის. 2-დან 12 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის 50%-იანი ფასდაკლება მოქმედებს. UVT Aero ფრენებს კანადური წარმოების ორმოცდაათადგილიანი Bombardier CRJ-200-ის რეაქტიული თვითმფრინავით შეასრულებს.

რაც შეეხება „იკარს,“ ნიჟნი-ნოვგოროდსა და სოხუმს შორის პირდაპირი ფრენის დრო 3:40 სთ-ია. თვითმფრინავი 6 მაისს ნიჟნი-ნოვგოროდიდან ადგილობრივი დროით 17:50 სთ-ზე აფრინდება და სოხუმში 21:30 სთ-ზე ჩავა. ბილეთის ფასი ერთ კაცზე ბარგის გარეშე 12,090 რუბლია (145 დოლარია), ხოლო 20 კგ-მდე ბარგით ამ ფასს 2.953 რუბლი (35 დოლარი) ემატება. აღსანიშნავია, რომ „იკარი“ სოხუმის რეისზე ბილეთებს ავიაკომპანია Nordwind-ის ბლანკზე აფორმებს. ფრენები Embraer 190/195-ის თვითმფრინავით შესრულდება. 6 მაისის შემდეგ „იკარი“ ნიჟნი-ნოვგოროდი-სოხუმის მეორე რეისს 13 მაისს შეასრულებს.

ცნობისთვის, უკრაინის ომის დაწყებისთანავე, ანუ 2022 წლის თებერვლის ბოლოდან დიდმა ბრიტანეთმა, აშშ-მა, ევროკავშირმა და სხვა ქვეყნებმა რუსული ავიახაზების ფრენებზე შეზღუდვები დააწესეს. ყველა რუსული ავიაკომპანია, რომელიც აფხაზეთში ფრენებისთვის ემზადება, ევროკავშირის სასანქციო „შავ სიაშია“ და ბლოკის წევრ ქვეყნებში ფრენა ეკრძალებათ. კერძოდ, ჯერ კიდევ 2022 წლის 11 აპრილს ევროკომისიამ გაავრცელა პრესრელიზი, რომელშიც ნათქვამია, რომ „შავ სიაში“ მოხვედრილი რუსული ავიაკომპანიების თვითმფრინავები „უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტებს“ არ აკმაყოფილებენ. ეს ავიაკომპანიებია: Аэрофлот, Победа, Россия, Utair, Smartavia, NordWind, NordStar, „ურალის ავიახაზები“, „ციმბირის ავიახაზები,“ Ижавиа, Якутия, Аврора, Авиастар-ТУ, Русджет, ЮВТ аэро, Ираэро, АЛРОСА, Руслайн, Ямал „იკარი“ და Скол.

2006 წელს სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციამ (ICAO-მ) სოხუმის აეროპორტის კოდი გააუქმა.

შეგახსენებთ, იმასაც, რომ რუსების მიერ აღდგენილ სოხუმის აეროპორტს უკვე ოფიციალური ვებ-გვერდი აქვს. sukhumaero.com-ზე სრული და განახლებული ინფორმაციაა აეროპორტის ოპერირების ყველა ასპექტის შესახებ. მათ შორის არის ფრენების განრიგი, ანუ ინფორმაცია ჩამოსვლისა და გამგზავრების შესახებ, რომელიც რეალურ დროში ახლდება. ამასთან, წარმოდგენილია ტერმინალის რუკა და ინფორმაცია აეროპორტში მოხვედრის საშუალებების შესახებ.

მოამზადა ლადო სულაბერიძემ