ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„2025 წლის დასაწყისში უძრავი ქონების ბაზარზე გარკვეული შენელება შეინიშნება“ - BTUAI-ს რეკომენდაციები დეველოპერებსა და ინვესტორებს

„თბილისის სამშენებლო და უძრავი ქონების სექტორები დედაქალაქის ეკონომიკის მნიშვნელოვან ნაწილს წარმოადგენს,” - ამის შესახებ აღნიშნულია, BTUAI-ს მიერ მომზადებულ ანალიზშია აღნიშნული, რომელიც წარმოადგენს თბილისის სამშენებლო და უძრავი ქონების ბაზრის დეტალურ ანალიზს 2024 წლის მონაცემებსა და 2025 წლის დასაწყისის ტენდენციებზე დაყრდნობით.

ცნობისთვის, BTUAI ბიზნესისა და ტექნოლოგიების უნივერსიტეტის (BTU) მიერ შექმნილი ანალიტიკური პლატფორმაა, რომელიც ხელოვნური ინტელექტის და დარგობრივი ექსპერტების კოლაბორაციით შეიქმნა და ვითარდება. BTUAI სხვადასხვა სტატისტიკური მონაცემების, კვლევების და სხვა მეგამონაცემების გამოყენებით, აგენერირებს ანალიტიკურ მასალას ბიზნესის სხვადასხვა სექტორის, ეკონომიკის ცალკეული დარგების შესახებ, ამუშავებს მასალას და აკეთებს შესაბამის პროგნოზებს, რომელიც სექტორულ განვითარებას და გამოწვევებს, საქართველოსა და მსოფლიოში მიმდინარე მოვლენების ფონზე წარმოაჩენს.

სამშენებლო სექტორთან დაკავშირებით, ხელოვნური ინტელექტის მიერ მომზადებული ანალიზი მოიცავს სამშენებლო ნებართვების გაცემის, ექსპლუატაციაში მიღებული ობიექტების, უბნების მიხედვით ბინების საშუალო ფასებისა და გაყიდვების მოცულობების, ასევე სამშენებლო სექტორში არსებული ტენდენციების შესწავლას. აღსანიშნავია, რომ კვლევა მომზადებულია BTUAI-ს მიერ, უნივერსიტეტის მეცნიერების და მკვლევარების თანამონაწილეობით. კვლევაში გამოყენებულია MIT-ს მიერ შექმნილი, გენერაციული AI-ს ახალი ინსტრუმენტი ORBIT.

BTUAI-ს შეფასებით, ძირითადი დასკვნები მიუთითებს ბაზრის დინამიურ ხასიათზე, სადაც სხვადასხვა ფაქტორების ურთიერთქმედება მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სექტორის განვითარებაზე.

„2024 წლის განმავლობაში თბილისის სამშენებლო სექტორმა მნიშვნელოვანი ეკონომიკური აქტივობა გამოავლინა. სექტორის ბრუნვამ წლის განმავლობაში ზრდის ტენდენცია აჩვენა, რაც შეიძლება მიუთითებდეს პროექტების ღირებულების ან მოცულობის ზრდაზე. სექტორში დასაქმებულთა რაოდენობაც წლის განმავლობაში იზრდებოდა, რაც ეკონომიკური ზრდის დადებითი მაჩვენებელია.

2024 წელს თბილისის სამშენებლო სექტორზე მოქმედ მნიშვნელოვან ფაქტორებს შორის შეიძლება გამოვყოთ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობაზე გაზრდილი ინტერესი. ეს ტენდენცია ასახავს ურბანიზაციის პროცესს და მოსახლეობის მოთხოვნას ინტეგრირებულ საცხოვრებელ გარემოზე, სადაც საცხოვრებელი, კომერციული და რეკრეაციული სივრცეები ერთმანეთთანაა დაკავშირებული,“ - ამბობს ხელოვნური ინტელექტი.

რაც შეეხება უძრავი ქონების ფასებს, როგორც BTUAI-ს ანალიზშია აღნიშნული, 2024 წლის მონაცემებზე დაყრდნობით, ბინების ფასები თბილისის უმეტეს უბნებში ზრდის ტენდენციას ინარჩუნებდა, განსაკუთრებით ცენტრალურ უბნებში.

ხელოვნური ინტელექტის შეფასებით, ყველაზე მოთხოვნად უბნებად კვლავ რჩება დიდი დიღომი და საბურთალო, სადაც გაყიდვების მაღალი მაჩვენებლები ფიქსირდება.

რაც შეეხება მიმდინარე წელს, ანალიზის თანახმად, 2025 წლის დასაწყისში ბაზარზე გარკვეული შენელება შეინიშნება, რაც შესაძლოა პოლიტიკურ და ეკონომიკურ ფაქტორებთან იყოს დაკავშირებული. ხელოვნური ინტელექტის შეფასებით, სამშენებლო მასალების ფასების ზრდა და ენერგოეფექტურობის ახალი მოთხოვნები მნიშვნელოვან გავლენას ახდენს სექტორის განვითარებაზე.

BTUAI-ს ანალიზში ასევე მოცემულია კონკრეტული რეკომენდაციებიც, რაც უნდა გაითვალისწინონ დარგის წარმომადგენლებმა. კერძოდ:

  • რეკომენდაციები ინვესტორებისთვის: ყურადღება მიაქციონ გარეუბნების განვითარების ტენდენციებს, სადაც ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება და ახალი პროექტები ფასების ზრდის პოტენციალს ქმნის. ასევე გაითვალისწინონ საშუალო ზომის ბინებზე არსებული მაღალი მოთხოვნა.
  • რეკომენდაციები დეველოპერებისთვის: გააგრძელონ მრავალფუნქციური საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა, რაც შეესაბამება მყიდველების თანამედროვე მოთხოვნებს. გაითვალისწინონ ენერგოეფექტურობის ახალი სტანდარტები და შეისწავლონ სამშენებლო მასალების ფასების ცვლილების ტენდენციები პროექტების დაგეგმვისას.

იხილეთ კვლევა სრულად: თბილისის მშენებლობის ეკონომიკა: მოთხოვნა, ფასები და ახალი რეალობა