ოფიციალური კურსი
კონვერტორი
USD
GEL
„პირველ ეტაპზე, წლიური ტვირთბრუნვა 100 ათასი კონტეინერი იქნება“ – Tbilisi Dry Port-მა ფუნქციონირება დაიწყო

„პორტმა ფუნქციონირება 22 აპრილიდან დაიწყო და გადაზიდვის პროცესი უკვე აქტიურად მიმდინარეობს“, - ამის შესახებ Tbilisi Dry Port-ის დირექტორმა, ნინო ნემსაძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.

პორტის პირველი ფაზის საკონტეინერო ტერმინალი 93 ათას კვადრატულ მეტრზეა მოწყობილი. გარდა საკონტეინერო ინფრასტრუქტურისა, განთავსებულია დიდი სასაწყობო მეურნეობაც და, რაც მთავარია, პორტებთან პირდაპირი სარკინიგზო კავშირი იძლევა საშუალებას, რომ კონტეინერები არა სახმელეთო გზით, არამედ რკინიგზით გადაზიდონ.

ნემსაძის თქმით, პორტს, პირველ ეტაპზე, წლიურად 100 000-მდე კონტეინერის მიღება-გასტუმრება შეეძლება.

„პორტის გასახსნელად აუცილებელი პირველი ეტაპის სამუშაოები დასრულებულია. ოფიციალური გახსნის ცერემონია ჯერჯერობით არ გვქონია, მაგრამ 22 აპრილიდან Tbilisi Dry Port-ი უკვე გახსნილია და კონტეინერებსაც იღებს. შემიძლია გითხრათ, რომ არსებულ ვითარებასა და პირობებში, წლიურად 100 000-ზე მეტი კონტეინერის მიღება-გასტუმრებას შევძლებთ, ხოლო როდესაც სამუშაოების მეორე ეტაპი დასრულდება, ეს რიცხვი დაახლოებით 2-ჯერ გაიზრდება. მეორე ეტაპის სამუშაოები უკვე დაწყებულია, რამდენიმე თვეს გასტანს, რის შემდეგაც ჩვენი გამტარუნარიანობა წლიურად 200 000 კონტეინერს მიაღწევს.

რაც შეეხება უახლოეს გეგმებს, პრიორიტეტული, ცხადია, უკვე აღნიშნული მეორე ეტაპის სამუშაოები და მათი მაქსიმალურად მოკლე ვადებში დასრულებაა. ამის შემდეგ კი უკვე გადაწყვეტილია, რომ მესამე ეტაპიც დაიწყება, რომელიც პორტს საბოლოო სახეს მისცემს - ტერიტორია 100 ათას კვადრატულ მეტრზე გაიშლება და პორტი წლიურად 286 000 TEU საკონტეინერო ტვირთს გაატარებს. მესამე ეტაპის სამუშაოები იმ მიზნობრიობით დაიგეგმება, თუ რომელი ტიპის საკონტეინერო სისტემაზე უფრო დიდი მოთხოვნა იქნება - ღიაზე თუ დახურულზე“, - აღნიშნა Tbilisi Dry Port-ის დირექტორმა.

შეგახსენებთ, Tbilisi Dry Port-ი კასპიისა და შავ ზღვებს შორის დერეფნის შუაგულშია განლაგებული და ერთმანეთს საქართველოს, თურქეთის, ბულგარეთისა და რუმინეთის შავი ზღვის პორტებს დააკავშირებს.

ირაკლი ფოფხაძე