„მძღოლების გლობალური დეფიციტი საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე მტკივნეულად აისახება“, - ამის შესახებ სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი წერს.
TRANSCOR-ის განმარტებით, საქართველოში სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი ისედაც რამდენიმე წელია შეინიშნება და ასევე სახეზეა ამ პროფილის მძღოლების უცხოეთში გადინების პროცესიც.
„მძღოლების გლობალური დეფიციტი უფრო მტკივნეულად საქართველოს საავტომობილო გადაზიდვების ბაზარზე აისახება. სატვირთო ავტოტრანსპორტის მძღოლების დეფიციტი, საქართველოს ადგილობრივ ბაზარზე, უკვე რამდენიმე წელია შეინიშნება, ამასთან სახეზეა მძღოლების უცხოეთში გადინების შეუქცევადი პროცესი.
სავარაუდოდ, საქართველოში გადამზიდი კომპანიებისა და შესაბამისად სატრანსპორტო საშუალებების ზრდის ფონზე, რეგიონში დაბალი ტარიფების გამო, კომპანიები ვერ შეძლებენ ადგილობრივ მძღოლებს ევროპული დონის ხელფასები შესთავაზონ, რაც ქართველ მძღოლს ქვეყნის დატოვებისკენ უბიძგებს“, - აღნიშნულია სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრის ანალიზში.
TRANSCOR-ის კვლევაში ასევე განმარტებულია პროცესი, რომლის მიხედვითაც, 36 ქვეყანაში, რომლებიც გლობალური გადაზიდვების 70%-ს ასრულებენ, სატვირთო ავტოტრანსპორტზე შეუვსებელი სამუშაო ადგილების რაოდენობა, ანუ მძღოლების დეფიციტი, 3.6 მლნ-ს შეადგენს. საგანგაშოა მაჩვენებელი იმისა, რომ ახალგაზრდები მძღოლის პროფესიის არჩევას ერიდებიან, ხოლო აქტიურ მძღოლთა უმრავლესობის ასაკი 55 წლის ფარგლებში ან მეტია. ამ ტენდენციის მიხედვით, 2029 წლისთვის, დაახლოებით 3.4 მლნ მძღოლი გავა პენსიაში და საერთაშორისო გადაზიდვების კომპანიები ამ მხრივ სერიოზული პრობლემების წინაშე დადგებიან.
ევროკავშირში მძღოლების დეფიციტის მთავარ მიზეზად, ტრენინგების, ლიცენზირებისა და დაზღვევის მაღალი ხარჯები სახელდება. მაგალითად, საფრანგეთში სატვირთო მანქანის მართვის მოწმობისა და პროფესიული კომპეტენციის სერთიფიკატის აღების საშუალო ღირებულება 5 250 ევროს შეადგენს, რაც მძღოლის ხელფასს 2-ჯერ აღემატება.