„2025 წლის მარტში საბალანსო ელექტროენერგიის საშუალო შეწონილმა ფასმა, ერთ კილოვატსაათზე, 6.04 აშშ ცენტი შეადგინა, რაც წლიურად 4.3%-იანი ზრდაა“, - ამის შესახებ „თიბისი კაპიტალის“ კვლევაში ვკითხულობთ.
ანალიზში ასევე საუბარია იმპორტირებული ელექტროენერგიის რაოდენობასა და იმ ქვეყნებზე, რომელთაგანაც მას ვყიდულობთ.
„ელექტროენერგიის საბალანსო ბაზარზე ფასები, თვიურ ჭრილში, თებერვალთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა. საქართველო ელექტროენერგიის იმპორტს განაგრძობს და მიმდინარე წლის მარტში 252 გვტ. საათის ოდენობა შეიძინა. რუსეთის წილმა იმპორტში 72% შეადგინა, ხოლო აზერბაიჯანისა და სომხეთის წილები, შესაბამისად, 21% და 7%-ია“, - აღნიშნულია „თიბისი კაპიტალის“ პუბლიკაციაში.
სრულად იმპორტირებული 252 გვტ. საათი ელექტროენერგიიდან, 181.44 გვტ. საათი რუსეთისგან ვიყიდეთ; 52.92 გვტ. საათი - აზერბაიჯანისგან; 17.64 გვტ. საათი კი - სომხეთისგან.
რაც შეეხება ქვეყნის შიგნით გამომუშავებულ ელექტროენერგიას, ჩვენმა ქვეყანამ მარტში 1 026 გვტ. საათი დენი აწარმოა, რაც წლიურად 9.2%-იანი კლებაა. ეს კი იმ ფონზე, რომ მოხმარება წლიურად 4.2%-ით გაიზარდა და 1 232 გვტ. საათი შეადგინა.