ქართველები უცხოეთში, ძირითადად, სამუშაოდ მიდიან და იქ ნაშოვნი ფულით საქართველოში დარჩენილ ოჯახებს არჩენენ. უმეტესობა სხვა ქვეყანაში არალეგალურად მუშაობს, მეტწილად მომსახურების სფეროში - მოხუცის მომვლელად, ძიძად, შინამოსამსახურედ.
ემიგრაციაში მყოფი ქართველების უმეტესობა ქალია, ძირითადად, 30-50 წლის ასაკის.
უცხოეთში მამაკაცისთვის სამსახურის შოვნა უფრო რთულია, მშენებლობაზეც კი კვალიფიციურ მუშახელს ითხოვენ. იმის გამო, რომ ქართული ემიგრაციის ერთი ნაწილი უცხოეთში დღესაც ყოველგვარი დოკუმენტის გარეშე ცხოვრობს და მუშაობს, არ არსებობს დაზუსტებული მონაცემები მისი რიცხოვნობის შესახებ. არაოფიციალურად კი, მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში მცხოვრები ქართველი ემიგრანტების რაოდენობა დაახლოებით 1,5 მილიონია.საქართველოში უცხოეთიდან გადმორიცხული თანხებით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ყველაზე მეტი ემიგრანტი რუსეთსა და საბერძნეთში ცხოვრობს. მაგალითად, 2015 წლის ივნისში საქართველოში ფულადი გზავნილების სახით გადმორიცხული 100 მილიონიდან დაახლოებით 42 მილიონი რუსეთიდან იყო, ხოლო თითქმის 14 მილიონი ლარი კი საბერძნეთიდან. ქართველების მიგრაცია საბერძნეთში ჯერ კიდევ იმ დროს დაიწყო, როცა საქართველოში ე. წ. ბნელი 90-იანი წლები იდგა. სამსახურის შოვნის იმედით ადამიანები საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასადაც კი არალეგალურად მიემგზავრებოდნენ უცხოეთში. სხვადასხვა მონაცემით, დღეს საბერძნეთში დაახლოებით 300 ათასი ქართველი ცხოვრობს. მათ შორის ისეთებიც არიან, ვინც წლებია, ვერ ახერხებენ საქართველოში ახლობლების სანახავად ჩამოსვლას იმის შიშით, რომ უკან ვეღარ დაბრუნდებიან. ჩვენ შევეცადეთ, გაგვერკვია, რა ჯამაგირს უხდიან "საოცნებო" სამსახურისთვის საბერძნეთში ქართველებს და რას სთავაზობენ იმავე პოზიციაზე საქართველოში?
ლია წიქარიშვილი, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი: არა აქვს მნიშვნელობა, მოხუცს მოუვლი თუ ბავშვს, ჯამაგირის ოდენობა მაინც დამქირავებელზეა დამოკიდებული, მის კეთილ ნებასა და მატერიალურ შესაძლებლობებზე. მაგალითად, არიან ემიგრანტები, ვისაც მოხუცის მოვლისთვის უფრო მეტს უხდიან, ვიდრე ძიძობისთვის და პირიქით. მაგალითად, ჩემი მეგობარი ტყუპს ჩვილობიდანვე უვლის და მისი ანაზღაურება ამჟამად 800 ევროა. ასეთივე ანაზღაურება შეიძლება ჰქონდეს აქ მყოფ ქართველს მოხუცის მოვლაში, უფრო ხშირად კი მსგავსი მომსახურებისთვის თვეში 700 ევროს ან ნაკლებს უხდიან. ახლა, კრიზისის ფონზე, სულ უფრო ხშირად შეხვდებით საბერძნეთში ქართველებს, ვისაც ჯამაგირი მსგავსი სამსახურისთვის 400 ევრომდე შეუმცირეს. ჩემს მაგალითზე თუ ვიმსჯელებთ, მე 87 წლის ლოგინად ჩავარდნილ მოხუცს ვუვლი და ჩემი ხელფასი თვეში 650 ევროა. მოხუცების მოვლა-პატრონობის გარდა, ჩემს მოვალეობაში შედის სახლის დალაგება და საჭმლის მომზადება. შინ მხოლოდ მე და მოხუცი ვართ. ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლა ბევრად იოლია, ვიდრე იმის, ვისაც გადაადგილება შეუძლია. კვირაში ერთხელ ჩვენთან მისი შვილი მოდის და მიტოვებს 60 ევროს - საკვების ფულს, რომელიც პარასკევიდან პარასკევამდე უნდა ვიმყოფინო. ადრე კვირაში 50 ევროს მიტოვებდა და არ გვყოფნიდა. მხოლოდ პამპერსი და ჰიგიენური ზეწარი რომ ვუყიდო მოხუცს, კვირაში 17 ევრო მჭირდება, დარჩენილი თანხით საჭმელს ვყიდულობ.
- დამსაქმებლები როგორ არჩევენ დასაქმებულებს? არსებობს ასაკობრივი შეზღუდვა, ან იქნებ სამედიცინო ცოდნას ითხოვენ?
- არა აქვს მნიშვნელობა, ვინ ხარ, საიდან ხარ. მთავარია, მოხუცს მიხედო. სხვათა შორის, სხვებთან შედარებით ქართველები საბერძნეთში უფრო მაღალ ანაზღაურებას ითხოვენ. მაგალითად, ალბანელები ყველანაირ პირობაზე თანახმა არიან.
ქეთი ჯიბლაძე, საბერძნეთში მცხოვრები ქართველი:
"სანამ საბერძნეთში კრიზისი დაიწყებოდა, ბანკები დაიკეტებოდა, ხელფასები დაახლოებით ასეთი იყო: მოხუცი თუ ლოგინად არ იყო ჩავარდნილი, მისი მოვლისთვის თვეში 500-800 ევროს იხდიდნენ; ლოგინად ჩავარდნილი მოხუცის მოვლისთვის - 700-800 ევროს; ბავშვის ძიძას, ძირითადად, თვეში 600 ევროს და მეტსაც უხდიდნენ. ოჯახის შეძლებას გააჩნია, ზოგი კარგად იხდის და ზედმეტ გადატვირთვასაც არ ითხოვს, ზოგი კი, პირიქით, ერთი საქმისთვის აჰყავთ და მერე უამრავ საქმეს აკეთებინებენ. მაგალითად, აჰყავთ ქალი მოხუცის მოსავლელად და ამ დროს უზარმაზარი სახლი ხვდება დასალაგებელი ან ბავშვები მოსავლელი. თუმცა ისეთი შემთხვევებიც არის, და არცთუ იშვიათად, როცა საბერძნეთში ქართველ ქალებს საქმის კეთება ენატრებათ. მაგალითად, უვლიან ერთ მოხუცს, რომელიც მშვენივრად გრძნობს თავს და ერთადერთი, რასაც მომვლელისგან ითხოვს, დალაპარაკებაა.რაც შეეხება ოჯახში დამხმარეს, დამლაგებელს მეტწილად საათობრივად ქირაობენ და საათში 5-7 ევროს იხდიან. ისე კი ძალიან რთულია ნებისმიერი ქართველისთვის საზღვარგარეთ მუშაობა. მაგალითად, დიდი პასუხისმგებლობაა ბავშვების მოვლა. დღეს ვითარებას კიდევ უფრო ართულებს ის, რომ სამსახურის შოვნა საბერძნეთში, ფაქტობრივად, შეუძლებელი გახდა".
ნათია პაიჭაძე, დასაქმების სააგენტოს მენეჯერი: "რამდენიმე წელია, რაც თბილისში მეგობრებთან ერთად დასაქმების სააგენტო შევქმენი და, ერთი მხრივ, სამსახურის მაძიებლებს, ხოლო, მეორე მხრივ, დამსაქმებელს ვეხმარებით სასურველი კადრის მოძიებაში. დამსაქმებელი ქუჩიდან მისულ ადამიანს ნაკლებად ენდობა. თუ გაუმართლათ და ვინმეს ახლობელმა გაუწია რეკომენდაცია, ხომ კარგი, თუ არა და დასაქმების სააგენტოს უფრო ენდობიან, რადგან ჩვენ ვსწავლობთ იმ ადამიანებს, ვინც ბაზაში გვყავს. დაკვირვებამ გვიჩვენა, რომ საქართველოში ძიძას უფრო მეტს უხდიან, ვიდრე მოხუცის მომვლელს, უცხოეთში კი პირიქით არის, ხშირ შემთხვევაში, მოხუცის მომვლელს უფრო მეტი ანაზღაურება აქვს, ვიდრე ძიძას. ჩვენთან ანაზღაურება დამოკიდებულია სამუშაო საათების რაოდენობაზე, მის სიმძიმესა და სხვა ფაქტორებზე. მაგალითად, თუ ძიძის მომსახურებით სარგებლობთ ყოველდღე, კვირის სამუშაო დღეებსა და დღის განმავლობაში დაახლოებით 7-8 საათი, მისი ანაზღაურება 400 ლარიდან იწყება და 600 ლარს აღწევს. მოხუცის მომვლელს, იმავე სამუშაო გრაფიკის შემთხვევაში, დაახლოებით 250 ლარს უხდიან. თუ დამლაგებლის მომსახურება მუდმივად არ გჭირდებათ და ერთი-ორი დღით ქირაობთ, დღეში დაახლოებით 30-40 ლარის გადახდა მოგიწევთ. თუმცა ბოლო დროს ფინანსური კრიზისი მომსახურების სფეროზეც აისახა. მკვეთრად გაიზარდა სამსახურის მაძიებელთა რიცხვი, დამსაქმებელი შეცოტავდა. კიდევ მეტი მოქალაქე გამოთქვამს უცხოეთში სამუშაოდ წასვლის სურვილს, თუმცა ახლა იქაც კრიზისია".
ოფიციალური სტატისტიკით:
2015 წლის 1-ლი იანვრის მონაცემებით, საქართველოს მოსახლეობა 3 729,5 ათას კაცს შეადგენდა. ამ სტატისტიკით საქართველოს მოსახლეობა, მაგალითად, 2002 წელთან შედარებით 14,7%-ით არის შემცირებული. სიკვდილიანობასთან ერთად, თითქმის ყოველ წელს ქვეყნიდან მოქალაქეების მიგრაცია აღინიშნება. მაგალითად, ოფიციალური სტატისტიკით, ბოლო 15 წლის განმავლობაში მიგრაციის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2000 წელს აღინიშნა, როცა ქვეყნიდან დაახლოებით 35 ათასი კაცი გავიდა. უფრო ახლო წარსულს თუ გადავხედავთ, 2012 წელს ქვეყნიდან ოფიციალურად 21,5 კაცი გადასახლდა. გამონაკლისია მხოლოდ რამდენიმე წელი, როცა, პირიქით, ქვეყნიდან წასულმა მოქალაქეებმა სამშობლოში დაბრუნება დაიწყეს. მათ შორის არის ის პერიოდი, როცა რუსეთიდან ქართველები გამოასახლეს.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"