ჩინურმა საცალო მოვაჭრემ და მსოფლიოს ერთ-ერთმა უმსხვილესმა ონლაინ-კომპანია Shein-მა აშშ-ში თავისი პროდუქციის ფასები გაზარდა.
ინფორმაციას Bloomberg ავრცელებს.
ფასები ყველაზე მეტად, ანუ, საშუალოდ, 51%-ით სილამაზისა და ჯანმრთელობის კატეგორიაში გაიზარდა, ხოლო ზოგიერთ ამ პროდუქტზე გაორმაგდა კიდეც.
სახლისა და სათამაშოების კატეგორიებში ფასების საშუალო ზრდამ 30%-ს გადააჭარბა, ხოლო სამზარეულოს 10-ცალიანი პირსახოცების კომპლექტი 377%-ით გაძვირდა. ქალის ტანსაცმლის ფასმა, დაახლოებით, 8%-ით მოიმატა.
ელექტრონული კომერციის ჩინურ პლატფორმებს, როგორიც Shein და Temu-ა, ბევრ პროდუქტზე 120%-იანი ტარიფები მას შემდეგ დაუწესდათ, რაც აშშ-ის მთავრობამ ჩინეთიდან და ჰონგ-კონგიდან მცირე ზომის ამანათებისთვის „de minimis“-ის შეღავათები გააუქმა. ეს შეღავათები ექსპორტიორებს აშშ-ში 800 დოლარამდე ღირებულების საქონლის უბაჟოდ შეტანის საშუალებას აძლევდა.
ამასთან, 2 მაისის შემდეგ თითოეული ასეთი ნივთის საფოსტო გადასახადი 100 დოლარამდე, ხოლო 1-ლი ივნისიდან კიდევ უფრო მეტად იზრდება.
Bloomberg-ის ცნობით, აშშ-ში მარტსა და აპრილის დასაწყისში Shein-ისა და Temu-ს გაყიდვები გაიზარდა, რადგან ამერიკელები ფასების მოსალოდნელი ზრდის წინ პროდუქტებს აქტიურად იმარაგებდნენ.
24-იდან 26 აპრილამდე პერიოდში აშშ-ში Shein-ის 50 პროდუქტის ნიმუშზე ფასმა, დაახლოებით, 10%-ით მოიმატა, ხოლო შვიდი პროდუქტი გაყიდვიდან ამოიღეს, მაშინ, როცა დიდ ბრიტანეთში ფასები, პრაქტიკულად, უცვლელი დარჩა და ვებგვერდიდან არცერთი პროდუქტი არ გამქრალა.
ორ დღეში აშშ-ის კალათაში დარჩენილი 43 პროდუქტიდან 30-ის ფასი 10%-ზე მეტად გაიზარდა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ