აშშ-ის პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი მიიჩნევს, რომ ამერიკული სამხედრო და კომერციული გემები პანამისა და სუეცის არხების გავლისთვის გადასახადს არ უნდა იხდიდნენ - ამის შესახებ ტრამპმა თავის სოციალურ ქსელ Truth Social-ზე დაწერა.
„ამერიკულ, როგორც სამხედრო, ასევე, კომერციულ გემებს პანამისა და სუეცის არხების უფასოდ გავლის უფლება უნდა მიეცეთ,“ - წერს ტრამპი.
ის მიიჩნევს, რომ ეს არხები „შეერთებული შტატების გარეშე არ იარსებებდა.“
სუეცის არხი ეგვიპტეში ხმელთაშუა და წითელ ზღვებს ერთმანეთთან აკავშირებს, რაც გემებს საშუალებას აძლევს, ევროპასა და აზიას შორის ტვირთი უმოკლესი გზით, აფრიკის გვერდის ავლით ან სახმელეთო გზის ნაცვლად გადაზიდონ. არხი 1869 წლის 17 ნოემბერს გაიხსნა და ამჟამად ის ეგვიპტის საკუთრებაა.
პანამის არხი წყნარ ოკეანეში პანამის ყურეს კარიბის ზღვასთან და ატლანტის ოკეანესთან აკავშირებს. ის პანამის სახელმწიფოს ტერიტორიაზე მდებარეობს და აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ეგიდით აშენდა. ოფიციალურად 1920 წლის 12 ივნისს გაიხსნა. არხს აშშ 1999 წლის 31 დეკემბრამდე აკონტროლებდა, ვიდრე ის პანამის მთავრობას არ გადაეცა.
დონალდ ტრამპი წერს, რომ აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, მარკო რუბიოს მოსთხოვა, „დაუყოვნებლივ გაუმკლავდეს ამ სიტუაციას და ის სამუდამოდ მოაგვაროს.“
ცნობისთვის: 20 იანვარს, ინაუგურაციის დღეს დონალდ ტრამპმა სტრატეგიულ პანამის არხზე ჩინეთის მნიშვნელოვან გავლენაზე ისაუბრა და პირობა დადო, რომ შეერთებული შტატები არხზე კონტროლს აღადგენდა. მისი თქმით, ამერიკული გემები და სამხედრო ხომალდები არხზე გასავლელად მნიშვნელოვნად მეტს იხდიან. ამასთან, ტრამპის ადმინისტრაციამ პანამას მოსთხოვა, ჩინეთის გავლენა შეემცირებინა, რადგან პორტებში პეკინის მონაწილეობა არხის ნეიტრალიტეტის ხელშეკრულებას არღვევს.
სახელმწიფო მდივანმა, მარკო რუბიომ პირველი უცხოური ვიზიტისთვის პანამა აირჩია. რუბიოსთან შეხვედრის შემდეგ ქვეყნის პრეზიდენტმა, რაულ მულინომ განაცხადა, რომ პანამა გამოდის ჩინეთის გლობალური პროექტიდან, სახელწოდებით, „ერთი სარტყელი, ერთი გზა,“ რომელიც ლოგისტიკის, ინფრასტრუქტურისა და ვაჭრობის განვითარებისთვის პეკინის გლობალური სტრატეგიას წარმოადგენს. ასევე, სახელმწიფო დეპარტამენტის ცნობით, თებერვლის დასაწყისში პანამის ხელისუფლებამ ამერიკული გემები არხის გადასახადისგან გაათავისუფლა.
13 მარტს NBC News ორ ამერიკელ ანონიმურ ოფიციალურ პირზე დაყრდნობით იუწყებოდა, რომ თეთრმა სახლმა აშშ-ის სამხედრო ძალებს დაავალა, პანამაში სამხედრო ყოფნის გაზრდის გეგმა შეიმუშაონ, რომლის მიზანიც პანამის არხის აშშ-ის კონტროლქვეშ დაბრუნებაა.
მოამზადა ლადო სულაბერიძემ