მიზეზები, რომლის გამოც ქართველები ლუდის სმას ერიდებიან
მართალია, ლუდის სიყვარულით ქართველები ჩეხებს ან გერმანელებს ვერ შევედრებით, მაგრამ ეს სასმელი ჩვენშიც ძალიან მოსწონთ. მიუხედავად ამისა, ლუდის კომპანიებში აცხადებენ, რომ ბოლო თვეებში ლუდის რეალიზაცია საგრძნობლად შემცირდა, რადგან აქციზის გაზრდამ ლუდის ბიზნესს სერიოზული დანაკარგები მოუტანა: 2015 წლის 1 მარტის შემდეგ, რაც 1 ლიტრ ალაოს ლუდზე აქციზის გადასახადმა 0,4 ლარიდან 0,6 ლარამდე მოიმატა, ქართულ ბაზარზე ყველა კომპანიის ლუდი საშუალოდ 10-30 თეთრით გაძვირდა. ამან ლუდის რეალიზაციის მაჩვენებელი ბოლო ექვსი თვის განმავლობაში ძალიან შეამცირა.
მართალია, ლუდის რეალიზაციამ ზაფხულში შედარებით მოიმატა, მაგრამ ვითარების გამოსწორებაზე საუბარი რთულია. ლუდის კომპანიები ყველაფერს აქციზის გაზრდილ გადასახადს აბრალებენ და მის შემცირებას ითხოვენ. ამ თემაზე მოლაპარაკებები გრძელდება. საბოლოოდ, არ არის გამორიცხული, რომ მოლაპარაკება ფინანსთა მინისტრთანაც გაგრძელდეს. თბილისურ მაღაზიებსა და სუპერმარკეტებშიც აღნიშნავენ, რომ შარშანდელთან შედარებით ლუდის რეალიზაცია შეუმცირდათ. ეს ეხება როგორც უცხოურ, ასევე ადგილობრივი წარმოების ლუდს. სუპერმარკეტებში ამას ლუდზე გაზრდილი ფასით ხსნიან.
როგორც bpn-ს კომპანია "ნატახტარის" კორპორატიულ საქმეთა დირექტორმა ნიკოლოზ ხუნძაკიშვილმა განუცხადა, ლუდის ბაზარი შარშანდელ პერიოდთან შედარებით შემცირდა.
ხუნძაკიშვილის თქმით, მთავრობას აქციზის გაზრდის გადაწყვეტილების გადახედვისკენ რამდენჯერმე მოვუწოდეთ, თუმცა რეაგირება არ ყოფილა. შედეგად, ლუდის ბაზარი საკმაოდ შემცირდა, ამის ოფიციალური მონაცემებიც არსებობს. მარტი-მაისის პერიოდში ადგილობრივი მწარმოებლების რეალიზაცია გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით არის შემცირებული, რაც კომპანიების საქმიანობასა და მთლიანად ლუდის ინდუსტრიაზე ნეგატიურად აისახა. ეს საკმაოდ არასასურველი მაჩვენებელია. ბაზრის კლება გამოწვეულია აქციზზე ფასის ზრდით და საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში ლუდის სმის აკრძალვით. "იძულებულნი გავხდით ლუდის ფესტივალიც კი გაგვეჩერებინა, რომელსაც ყოველ წელიწადს ვმართავთ. იმედი გვაქვს, რომ "ნატახტარის ლუდის ფესტივალი" მომავალ წელს მაინც გაიმართება. მდგომარეობა უკეთესობისკენ შეიცვლება და ტრადიციულ დღესასწაულზე, რომელიც წელს უკვე მეექვსედ უნდა ჩატარებულიყო, იძულებით უარს აღარ ვიტყვით," - აცხადებს ხუნძაკიშვილი.კომპანია "ყაზბეგის" დამფუძნებელი გოგი თოფაძე მიიჩნევს, რომ ლუდის რეალიზაციის შემცირება მოსალოდნელი იყო: "როდესაც გადასახადი იზრდება, პროდუქტის ფასიც იზრდება და მისი რეალიზაცია იკლებს - ეს აქსიომაა. ჩვენი მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა იმდენად დაბალია, რომ ბუნებრივია, რეალიზაცია უნდა შემცირებულიყო - ეს ეკონომიკის ანბანია. როგორც პოლიტიკოსი და პარლამენტის წევრი, მეტს ვერაფერს გეტყვით, რადგან ნეიტრალური უნდა ვიყო", - გვითხრა თოფაძემ.
გამონაკლისი ამ მხრივ შპს "კასტელ ჯორჯიაა", სადაც პროდუქციის რეალიზაციის მაჩვენებლები შემცირებული არ არის, თუმცა მისი წარმომადგენლებიც ამბობენ, რომ მთლიანობაში ლუდის ბაზარი შემცირდა.
აკაკი დონდუა - შპს "კასტელ ჯორჯიას" ჰორეკას განყოფილების ხელმძღვანელი:
"მიუხედავად იმისა, რომ ჩვენს კომპანიაში მატება გვაქვს, მთლიანობაში ლუდის ბაზარი აშკარად შემცირდა. აქციზის გაზრდას ლუდის გაძვირება მოჰყვა, ამან კი თავისთავად იმოქმედა ჩვენს ბიზნესზე. ფასიდან გამომდინარე, გაყიდვებმაც მოიკლო. მოგეხსენებათ, ლუდი საქართველოში არ არის ტრადიციული კულტურა, ამიტომ ქართველ კაცს შეუძლია ლუდის ნაცვლად ღვინო დალიოს, მით უმეტეს, როდესაც ლუდი გაძვირებულია. უნდა ვაღიაროთ, რომ ჩვენთან არ არის ლუდის სმის ისეთი ტრადიცია, როგორიც ზოგიერთ ევროპულ ქვეყანაშია. მაგალითად, მე ახლახან გერმანიაში ვიყავი, სადაც ლუდს მყარი ნიშა უკავია ბაზარზე, ამიტომ იქ გაყიდვები სტაბილურია - არც იზრდება და არც მცირდება, შეიძლება მხოლოდ 1%-ში იყოს სხვაობა."დონდუას თქმით, ლუდის რეალიზაციაზე ძალიან იმოქმედა აქციზის გაძვირებამ, მაგრამ არის კიდევ ერთი მიზეზიც. "რეალიზაციაზე განსაკუთრებით იმოქმედა ჯარიმების შემოღებამ ქუჩაში ლუდის დალევაზე. ამ პერიოდიდან რეალიზაციამ ვარდნა დაიწყო. არადა, ყველაზე უფრო გაყიდვადი იყო ნახევარლიტიანი სეგმენტი, რომელსაც კაცი შეიძენს, გარეთ გაიტანს და შეუძლია პირდაპირ ბოთლიდან დალიოს, ამ სეგმენტში სერიოზიული პრობლემები შეიქმნა", - აღნიშნავს აკაკი დონდუა.
ლუდის კომპანიებში აცხადებენ, რომ ლარის გაუფასურების შედეგად იმპორტირებული ლუდის რეალიზაციაც შემცირდა, რადგან ეს შედარებით ძვირი სეგმენტია, თუმცა მდგომარეობის გამოსწორების იმედს არ კარგავენ.
ხათუნა ჩიგოგიძე