„გაუსაძლისი პირობები“ - რა არ მოსწონთ მსოფლიოს წამყვანი კომპანიის თანამშრომლებს

მსოფლიოში ათობით ათასი ადამიანი ოცნებობს ისეთ კომპანიებში დასაქმებაზე, როგორებიც Google, Facebooke, Apple და სხვა ცნობილი ბრენდებია.

ყველასთვის კარგად ცნობილი ამბავია, რომ ამ კომპანიებში დასაქმებულთათვის იდეალური პირობებია შექმნილი, თუმცა აღმოჩნდა, რომ მსოფლიოს წამყვანი კომპანიების თანამშრომლებსაც ბევრი აქვთ საწუწუნო.

Amazon

როგორც „ნიუ იორკ თაიმსის“ მიერ გავრცელებულ სტატიაშია აღნიშნული, „ამაზონის“ თანამშრომლები ხშირად ჩვიან იმაზე, რომ კოლეგების დასმენა უწევთ, სანაცვლოდ კი ხელმძღვანელობა შესაბამისად არ აქებს.

კომპანიის თანამშრომელთა თქმით, მათ ხშრად უწევთ მივლინების ხარჯების საკუთარი ჯიბიდან გაღება, მობილური ტელეფონის გადასახადების დაფარვა.

„თათბირის შემდეგ ოთხიდან გამოსული ხედავ, როგორ ცდილობს ზრდასრული ადამიანი ცრემლების დაფარვას. თითქმის ყველას, ვისთანაც მიმუშავია, ერთხელ მაინც უტირია ხელმძღვანელთა მხრიდან დაუმსახურებელი მოპყრობის გამო“, - ამბობს „ამაზონის“ ყოფილი თანამშრომელი ბო ოლსონი.

Google

ალბათ ბევრ თქვენგანს აქვს ნანახი Google-ის ოფისის სურათები, რომელთა ნახვის შემდეგაც მხოლოდ ერთი აზრი ჩნდება - ასეთ კომპანიაში მუშაობას ნებისმიერი ინატრებდა. სერგეი ბრინისა და ლარი პეიჯის მიერ დაარსებულმა კომპანიამ დიდი ხანია სახელი გაითქვა პერსონალთან განსაკუთრებული დამოკიდებულებით.

თუმცა, როგორც აღმოჩნდა, უკმაყოფილო თანამშრომლები Google-საც ჰყავს, რომლებიც აუტანელ სამუშაო პირობებზე წუწუნებენ. ზოგიერთი მათგანის განცხადებით, Google-ის ოფისებში ძალიან პატარა სამუშაო ადგილია გამოყოფილი თანამშრომელთათვის.

„თუ Google-ის ოთხი მთავარი კორპუსიდან ერთ-ერთში მუშაობთ და კლაუსტროფობია გაწუხებთ, სავარაუდოდ წინ დიდი ტანჯვა გელით. ამ შენობებში ერთი საოფისე კუთხე 3-4 თანამშრომელზეა გამოყოფილი, რის გამოც მიუხედავად სათამაშო ოთახებისა, დასავენებელი ზონებისა და კაფეტერიებისა, განმარტოებისთვის ადგილის მოძებნა გაგიჭირდებათ. ეს კი ხშირად დისკომფორტს ქმნის სამუშაო პროცესში“, - ამბობს კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელი.

ინტერნეტ საძიეგო გიგანტის უკმაყოფილო თანამშრომლების კომენტარებში ასეთ კომენტარსაც გადააწყდებით: „ჩემი ოცდაათდუიმიანი მონიტორის ეკრანი მთებზე ხედს მიჩრდილავს“; ზოგს კი სამუშაო დღის განრიგი არ მოსწონს: „ეს ზარმაცების ქვეყანაა, თანამშრომლები პროფესიონალური კუთხით არ იზრდებიან - საათობით სვამენ ყავას, თამაშობენ სხვადასხვა თამაშებს, კოტრიალობენ მოსასვენებელ ოთხში, ხანდახან კი თავს მუშაობით „იქცევენ“.

Facebook

კომპანია Glassdoor-ის მონაცემებით, „ფეისბუქი“ ყველაზე სასურველი სამუშაო ადგილია. თუმცა, კომპანიის ზოგიერთი თანამშორმელი მაინც გამოთქვამს უკმაყოფილებას.

მათ განცხადებით, მორიგეობის დროს თნამშრომლებს 24 საათის განმავლობაში უწევთ კავშირზე ყოფნა. „მორიგეობის პერიოდში ქალაქიდან გასვლა დასვენების დღეებშიც კი მეკრძლება და ვალდებული ვარ, სატელეფონი ზარების დღე-ღამის ნებისმიერ დროს ვუპასუხო“, - აღნიშნავს „ფეისბუქის“ ინჟინერი კიტ ადამსი.

აღსანიშნავია, რომ „ფეისბუქის“ თანამშრომლებს ჯამში მორიგეობა წელიწადში მხოლოდ რამდენიმე კვირით უწევთ.

სანაიანა სენი კი აცხადებს, რომ შვებულების დროსაც კი კოლეგების სატალეფონო ზარები აწუხებს. ზოგიერთი თანამშრომელი კი აღნიშნავს, რომ განსაკუთრებული და საინტერესო იდეების განხორციელება 500-კაციან კომპანიაში უფრო ადვილია, ვიდრე 4-ათასიან გუნდში.

Apple

რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, ამერიკული კორპორაციის თანამშრომლები დაბალი ანაზღაურებით არიან უკმაყოფილო. 2014 წელს Apple-ის ასზე მეტმა თანამშრომელმა კუპერტინოში კომპანიის შტაბბინის წინ საპროტესტო აქცია გამართა და ხელფასების გაზრდას ითხოვდნენ.

აღსანიშნავია, რომ ერთ-ერთი სტაჟორის ინფორმაციით, რომლის კომენტარიც „ბიზნეს ინსაიდერში“ გამოქვეყნდა, Apple-ში სტაჟორების საშუალო ანაზღაურება საათში 38 დოლარია, რაც თვეში 6 700 დოლარი გამოდის. გარდა ამისა, თუ სტაჟორი კვირაში 40 საათზე მეტს მუშაობს, ყოველი დამატებითი საათის სანაცვლოდ ის 57 დოლარს იღებს, კვირაში 60 საათის შემთხვევაში კი საათში 76 დოლარს. ამასთან ერთად, Apple-ის სტაჟორებს კომპანია საკუთარ კამპუსებში უფასოდ აცხოვრებს.

ბევრი თანამშრომელი ჩივის იმაზეც, რომ კომპანიაში სათანადო სამუშაო პირობები არ არის. მათი თქმით, ოფისში არ არის სატრენაჟორო დარბაზი, თანამშრომელთათვის გათვალისწინებული არ არის უფასო კვება. გარდა ამისა, გავრცელებული ინფორმაციით, Apple-ის თანამშრომლებს ეკრძალებათ თავიანთი სამუშაოს შესახებ სხვა კოლეგებთან, ახლობლებთან და ოჯახის წევრებთან საუბარი.