ბოლო თვეების განმავლობაში დოლართან შედარებით თითქმის ყველა ქვეყნის ვალუტა გაუფასურდა, თუმცა რუსული რუბლი ამ მხრივ ლიდერობას არავის უთმობს.
რუსი ანალიტიკოსები შეშფოთებით ადევნებენ თვალს თავიანთი ვალუტის გაუფასურებას და ყველაფერს დასავლეთის სანქციებით და ნავთობის ფასის ვარდნით ხსნიან, ბიზნესი კი, ვალუტის ცვალებადობის გამო სერიოზულ წნეხს განიცდის. სწორედ ამიტომ ხორბლის მწარმოებლებმა რუსეთში გადაწყვიტეს, რომ პროდუქციის ექსპორტი დროებით შეწყვიტონ. ამ დღეებში უკვე გაცხადდა, რომ ახალი კონტრაქტების გაფორმება რუბლის კურსის სტაბილიზაციამდე უნდა შეჩერდეს. როგორ იმოქმედებს ეს ქართულ ბაზარზე? ხომ არ უნდა ველოდეთ ახლო მომავალში ფქვილის, ან პურის გაძვირებას? - ამ შეკითხვებს საქართველოს მეხორბლეთა ასოციაციის ხელმძღვანელი, ლევან სილაგავა უპასუხებს, რომელიც bpn-ის შეკითხვებს პასუხობს:
- რუსულ ხორბალს ქართული ბაზრისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს, რადგან რუსეთი ამ სფეროში ჩვენი ძირითადი პარტნიორია: ბოლო სამი წლის განმავლობაში ხორბლის 90 პროცენტი სწორედ რუსეთიდან შემოგვქონდა, ეს იმიტომ, რომ რუსულ ხორბალს კარგი ფასი ჰქონდა. დღესაც ასეა, უბრალოდ, რუსი მეწარმეები თავიანთ პროდუქციას დროებით არ ჰყიდიან.
- რატომ გახდა საჭირო ასეთი რადიკალური ნაბიჯის გადადგმა?
- საქმე ის არის, რომ რუსეთს ხორბალზე ე.წ. მცურავი ბაჟი აქვს დაწესებული, რაც ნიშნავს, რომ ხორბლის ფასი დოლარის კურსით მიბმულია რუსული რუბლის კურსზე და რადგანაც რუბლის კურსი ბოლო ხანებში მკვეთრად გაუფასურდა, ექსპორტიორებს ხორბალზე ბაჟი გაეზარდათ. აქედან გამომდინარე, რუსული ხორბალი გაძვირდა. ამავე დროს, რუსეთში წელს ხორბლის უხვი მოსავალი მიიღეს და ამ მოსავლის რეალიზაცია სჭირდებათ. რუსეთში საექსპორტო გადასახადის შემდეგი სქემა მოქმედებს: გამყიდველი ხორბლის დეკლარირებას ახდენს, მაგრამ საბაჟო გადასახადს ითვლიან მაშინ, როცა გემი უკვე დატვირთულია. ამას კი 3-4 დღე მაინც სჭირდება. შესაბამისად, თუ მე დღეს დეკლარირებას ვაკეთებ და დოლარი ღირს 70 რუბლი, ხვალ შეიძლება იყოს 75, ან სულაც - 80. ამიტომ, ბიზნესისთვის ეს სერიოზულ სირთულეს წარმოადგენს. კონტრაქტი დეკლარირების დროს იწერება, მაგრამ მხარეებმა არ იციან სამი-ოთხი დღის შემდეგ ვალუტის კურსი როგორი იქნება. აქედან გამომდინარე, გამყიდველი მყიდველს ზუსტ ფასს ვერ ეუბნება. სწორედ ამიტომ, ექპორტიორებმა გადაწყვიტეს შეაჩერონ ექსპორტი, ვიდრე რუბლის კურსი არ დარეგულირდება და ვიდრე ქვეყანაში სტაბილური კურსი არ ჩამოყალიბდება.
- ხომ არ იმოქმედებს ეს ხორბლის მსოფლიო ფასზე?
- თუ რუსეთის კონკურენტებმა - საფრანგეთმა, უკრაინამ და სხვებმა მსოფლიო ბაზარს უკეთესი ფასი შესთავაზეს, თავისთავად ცხადია, რომ რუსული ხორბალი კონკურენციას ვერ გაუძლებს. ამიტომ, ან ბაჟი უნდა შეცვალონ, ან რაღაც უნდა იღონონ, რომ მსოფლიო ბაზარზე პოზიციები არ დაკარგონ. ეს უკვე რუსეთის მთავრობის გადასაწყვეტი თემაა. ამ სიტუაციაში დადებითი ფაქტორია ის, რომ რუსეთს წელს ხორბლის ძალიან კარგი მოსავალი აქვს, რომელიც უნდა გაიყიდოს. თანაც, სეზონი რუსეთში ახალი დაწყებულია და ექსპორტზე ჯერჯერობით გატანილი აქვთ სულ რაღაც, 3,5-4 მილიონი ტონა ხორბალი, სპეციალისტების პროგნოზით, კიდევ გასატანია 18-20 მილიონი ტონა. ამ რაოდენობის ხორბალს ვერც შეინახავენ, ამიტომ მოსავალი უნდა გაყიდონ, სხვა გამოსავალი არა აქვთ. ასე რომ, არა მგონია რუსული ხორბლის ექსპორტის დროებითმა შეწყვეტამ ამ ბაზარზე მნიშვნელოვანი რყევები გამოიწვიოს.
- როგორ იმოქმედებს ეს გადაწყვეტილება რუსული ხორბლის ფასზე, საქართველოს გაძვირებული ხორბლის შეძენა ხომ არ მოუწევს?
- რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ორი თვის მარაგი უკვე გვაქვს, მაგრამ თუ დავინახავთ, რომ რუსული ხორბლის ფასი იმ დონეს მიაღწევს, რა ფასადაც პროდუქტი შეიძლება სხვა ბაზრებიდან წამოვიღოთ, მაშინ ხორბლის სხვა ქვეყნებიდან შემოტანა მოგვიწევს, ასეთი ქვეყნებია, მაგალითად, უკრაინა, საფრანგეთი, რუმინეთი, ევროპისა და შავიზღვისპირეთის სხვა სახელმწიფოები... ასე რომ, რუსული ხორბლის გაძვირება მნიშვნელოვან პრობლემებს ვერ შეგვიქმნის. არაერთი ქვეყნის ბაზარზე არის სტაბილურობა. მოსავალიც კარგია, ფასიც კარგი, ასე რომ, ვფიქრობთ, წელს მსოფლიოში ხორბლის სტაბილური და ნორმალური ფასები იქნება. არ იქნება რუსეთი? - იქნება უკრაინა, რუმინეთი, არ არის გამორიცხული ხორბალი საფრანგეთიდან, ან უნგრეთიდანაც წამოვიღოთ. ბევრი სქემა არსებობს, თუმცა, იმის იმედიც გვაქვს, რომ რუბლი უახლოეს მომავალში სტაბილური გახდება. თუ ფასი, რომელსაც რუსეთი შემოგვთავაზებს, ჩვენთვის მისაღები და ხელსაყრელი იქნება, პროდუქციას მათგან შევისყიდით, თუ არადა, სხვა ბაზრებიდან წამოვიღებთ. ამ ეტაპზე კი, რუსული კომპანიები, რომლებიც ხორბალს ყიდიან, ფრთხილობენ, რადგან არ იციან, როგორი იქნება საბაჟო გადასახადი არასტაბილური რუბლის პირობებში. ეს წმინდა ტექნიკური პრობლემაა, სხვა პრობლემა არ არსებობს. როგორც კი ჩამოყალიბდება რუბლის კურსი, თავისთავად ყველაფერი დალაგდება. იქაც იგივე ხდება, რაც ლარის შემთხვევაში: სტაბილურობის შეგრძნება არა აქვთ და ამიტომაც ფრთხილობენ. როდესაც კურსი დადგინდება, მაშინ ადამიანს ექნება საშუალება, სწორად დაიანგარიშოს ყველაფერი და მყიდველსაც სწორი ფასი უთხრას. რა თქმა უნდა, გაზრდილი საბაჟო გადასახადი ფასზეც იმოქმედებს, ამიტომ ალბათ ახალი კონტრაქტების დადება იქნება საჭირო.
- ბატონო ლევან, გაიზრდება თუ არა საქართველოში ფქვილის, ან ხორბლის ფასი?
- ჩემი შეფასებით, ამ ეტაპზე არც ფქვილის ფასს ემუქრება რაიმე და არც პურზე გვექნება პრობლემა. დღესდღეობით ჩვენთვის მთავარ პრობლემას ლარისა და დოლარის შეფარდება უფრო წარმოადგენს. ჩვენ ხორბალს დოლარზე ვყიდულობთ, გადამამუშავებლებს კი, ლარში ვაწვდით, შემდეგ კვლავ დოლარი უნდა ვიყიდოთ, რომ ხორბლის ახალი პარტიები შევიძინოთ, თუმცა, მე ვფიქრობ, რომ ლარის კურსიც ნელ-ნელა სტაბილური გახდება, რაც სერიოზულ შეღავათს მოგვცემს, როდესაც კურსი ყოველდღიურად იცვლება, ეს დიდ სირთულეებს გვიქმნის.
ხათუნა ჩიგოგიძე