"როგორ მოქმედებს ეროვნული ბანკი დღეს და რა ზომებს მიმართავდა 16 წლის წინანდელი კრიზისის დროს"
გასულ კვირას ლარი ერთ დღეში დაახლოებით 5 თეთრით გაუფასურდა და ეროვნული ვალუტის არსებობის განმავლობაში ყველაზე დაბალ ისტორიულ ნიშნულს მიუახლოვდა. 25 აგვისტოს 1 დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2,3640-დან 2,4161 ლარამდე დაეცა, თუმცა, სავალუტო ჯიხურებსა და კომერციულ ბანკებში კიდევ უფრო ძვირად იყიდებოდა. ბოლო 16 წელიწადში ლარი ყველაზე მეტად 1999 წლის თებერვალში იყო გაუფასურებული, როცა 1 დოლარი 2,4510 ლარი ღირდა.
ელგუჯა მექვაბიშვილი, საქართველოს ეროვნული ბანკის საბჭოს ყოფილი წევრი: მაშინაც ლარის კურსი ნახტომისებურად შეიცვალა. მახსოვს, პარასკევი იყო, ეროვნული ბანკის საბჭოს სხდომის შემდეგ ყველანი შინ წავედით. კურსი სტაბილური იყო. შაბათს კი მკვეთრი გაუფასურება დაიწყო და კვირასაც გაგრძელდა. მოგეხსენებათ, უქმეებზე ეროვნული ბანკი არ მუშაობს. ორშაბათს კი ლარი ნახტომისებურად დაეცა. ამ დღეს "შავი ორშაბათიც" დავარქვით. გამოიკვეთა, რომ კურსის ასეთი ვარდნა გარე ფაქტორებით იყო პროვოცირებული. გახსოვთ ალბათ მაშინდელი რუსეთის დეფოლტი - ჯერ სამხრეთ-აღმოსავლეთი აზიის კრიზისი განვითარდა, გადავიდა იაპონიაზე, რომელიც რუსეთის ერთ-ერთი დიდი სავაჭრო პარტნიორი იყო და ამ გზით რუსეთზეც გავრცელდა. რუსეთიდან კი ჩვენზე გადმოვიდა. იმ დროს ერგნეთში ვაჭრობა დუღდა და არ არსებობდა ქვეყნის ეკონომიკური საზღვრები. რუსეთში ფასები მკვეთრად დაეცა და ეს იაფი საქონელი ერგნეთის ბაზრობით ჩვენთან შემოვიდა. ამან ის გამოიწვია, რომ ხდებოდა ლარის დოლარში კონვერტირება და ქვეყნიდან დოლარი მასობრივად გაედინებოდა. დაირღვა თანაფარდობა დოლარსა და ლარს შორის. სავალუტო ბაზრის მოთამაშეებს შორის პანიკა წარმოიშვა, დაიწყო სპეკულაციური თამაშები და გარე ფაქტორს დაერთო შიგა ფაქტორიც - სავალუტო ბაზრის ნევროზული მდგომარეობა, ვალუტის გადამცვლელი ჯიხურებისა და კომერციული ბანკების სპეკულაციური ოპერაციები. ლარმა გაუფასურების ყველაზე მაღალ, ისტორიულ ნიშნულს მიაღწია და 1 დოლარის ფასმა 2,45 ლარი შეადგინა. 16 წლის შემდეგ ლარი იმ ნიშნულს კვლავ მიუახლოვდა.
- რა ზომებს მიმართა ეროვნულმა ბანკმა?
- უპირველესად, ეროვნულმა ბანკმა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებს მოუწოდა, სპეკულაციური ოპერაციებისგან თავი შეეკავებინათ. შესაძლოა, ვინმეს მოკლევადიანი მოგება მიეღო, მაგრამ საბოლოო ჯამში საბანკო სისტემა დანგრეულიყო. სავალუტო ბაზარზე სპეკულაციებით კომერციული ბანკებიც წააგებდნენ და მთლიანად ეკონომიკაც. იმ დროსაც და ალბათ დღესაც, ეკონომიკის ერთადერთი ჯანსაღი სეგმენტი საბანკო სისტემა იყო. ეკონომიკა, პრაქტიკულად, არ ფუნქციონირებდა და ბიუჯეტიც დეფიციტური იყო. საბანკო სისტემაც რომ კოლაფსში ჩავარდნილიყო, მთელი ეკონომიკა დაინგრეოდა. ბანკების ხელმძღვანელებმა შეგნება გამოიჩინეს და მაქსიმალურად ცდილობდნენ ამ პროცესში პოზიტიური როლის შესრულებას.
აღსანიშნავია, რომ ეროვნული ბანკი მანამდე დოლარს მხოლოდ ყიდულობდა, ლარის მკვეთრი გაუფასურების შემდეგ, დოლარის გაყიდვაც დაიწყო, რათა ლარსა და დოლარს შორის თანაფარდობა როგორმე დაგვებალანსებინა. ამან რაღაც დადებითი შედეგები გამოიღო, თუმცა გაუფასურების პროცესი მხოლოდ შერბილდა. მახსოვს, სასწრაფოდ ჩამოვიდა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისია. მას წარმოშობით ბელგიელი მელცბურგი ხელმძღვანელობდა.განრისხებული იყო, გვეუბნებოდა: როგორ ბედავთ, რომ სავალუტო რეზერვებს ხარჯავთ, ეს თქვენი კი არა, ჩვენი ფულიაო. არ დავუჯერეთ და დოლარის ინტერვენციები განვაგრძეთ. ამ გადასახედიდანაც ვფიქრობ, რომ სწორად მოვიქეცით. ჩვენ რომ დოლარის გაყიდვა არ დაგვეწყო, ძალიან ცუდ შედეგამდე მივიდოდით. არადა, ეროვნული ბანკის რეზერვები სულ რაღაც 300-350 მილიონ დოლარს ითვლიდა. ბაზარზე თითქოს "შავი ხვრელები" გაჩნდა - გავიტანდით თუ არა დოლარს, ეს ფული უცებ ქრებოდა. თუმცა ნელ-ნელა, მაგრამ ბაზარი მაინც მშვიდდებოდა. წარმოგიდგენიათ, რა მოხდებოდა, სავალუტო ინტერვენციები რომ არ მოგვეხდინა? კომერციულ ბანკებს კლიენტები მიაწყდებოდნენ (მსოფლიოში არ არსებობს კომერციული ბანკი, რომელიც ერთდროულად ასეთ მოთხოვნას დააკმაყოფილებს, ასე ნაღდი ფული კომერციულ ბანკს არ უდევს), მოხდებოდა საბანკო კოლაფსი და ფინანსური სისტემა დაინგრეოდა... როცა ეს პროცესი დასრულდა, რეზერვებიდან მხოლოდ 70 მილიონი დოლარი დაგვრჩა. იმ დროს ეს დიდი დანახარჯი იყო. ეროვნული ბანკი მომგებიანი ორგანიზაციაა, რომელიც მოგებას სახელმწიფო ბიუჯეტში რიცხავს. ის წელი ბანკმა წაგებით დაასრულა, მაგრამ შემდეგ ვითარება გამოსწორდა, სავალუტო რეზერვები შეივსო და ზარალიც გადაიფარა. ვფიქრობ, ეს სწორი პოლიტიკა იყო.
ასეთ შემთხვევაში ეროვნული ბანკი ძალიან აქტიური უნდა იყოს, პასიურობა, სხვისკენ ხელის გაშვერა და დამნაშავის ძიება დამღუპველია. და ერთიც - ძალიან მნიშვნელოვანი და სწორი იყო მთავრობისა და ეროვნული ბანკის კოორდინირებული მოქმედება. თემურ ბასილია იყო მაშინ პრეზიდენტის თანაშემწე ეკონომიკურ საკითხებში და არც ერთი განხილვა არ გამართულა ეროვნულ ბანკში მისი მონაწილეობის გარეშე. ფინანსთა მინისტრიც ყველა შეხვედრას ესწრებოდა. გრძელვადიან პერიოდში დანაკარგები კი გვქონდა, მაგრამ ეროვნულმა ბანკმა გადაარჩინა საბანკო სისტემა.
- რით ჰგავს მაშინდელი მოვლენები ახლანდელს?
- დღესაც ლარის გაუფასურებაში დიდ როლს გარე ფაქტორები თამაშობს. პირველ რიგში, დოლარისა და ევროს გამყარება სხვა ვალუტების მიმართ. გარდა ამისა, შემცირებულია ფულადი გზავნილები, რომლებიც ძირითადად რუსეთიდან შემოდის და დიდ როლს თამაშობდა კურსის დაბალანსებაში. შიდა ფაქტორები არ არის ისეთი დამძიმებული, რომ ამხელა რყევების საფუძველი გახდეს. ტურისტების რაოდენობა გაზრდილია, იმპორტი შემცირდა, ექსპორტის ისეთი კლება არ გვაქვს, რომ კურსზე მკვეთრი გავლენა მოეხდინა.
- ეროვნული ბანკის დღევანდელი ქმედება რამდენად ჰგავს ან განსხვავდება 1999 წლისგან?
- სრულიად განსხვავებულია. ეროვნული ბანკი არ იჩენს სათანადო აქტიურობას და არ ასრულებს თავის მოვალეობას ისე, როგორც უნდა ასრულებდეს. არ მინდა მძიმე მოლოდინის შექმნა, მაგრამ თუ რეალურად და არა ტელესივრცეში დასანახავად არ მოხდა მთავრობისა და ეროვნული ბანკის საქმიანობის კოორდინაცია, ვითარება რთული იქნება. შემოდგომა, როგორც წესი, რთული პერიოდია ლარის სიმტკიცის თვალსაზრისით და თუ რამე არ ვიღონეთ, ვშიშობ, ვითარება გამწვავდება.
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"