გასულ კვირას ლარი ისევ მნიშვნელოვნად გაუფასურდა და ოფიციალური გაცვლითი კურსის თანახმად, 1 დოლარის ღირებულება 2,41-ლარიან ნიშნულს მიუახლოვდა.
არადა, ხელისუფლებამ სიხარულით გვაუწყა, რომ წლევანდელ მეორე კვარტალში, შარშანდელ იმავე პერიოდთან შედარებით, პირდაპირი უცხოური ინვესტიციები 81%-ით გაიზარდა. მანამდე კი ტურიზმის ეროვნულმა ადმინისტრაციამ გვამცნო, რომ წინა ზაფხულთან შედარებით, ტურისტების რაოდენობა 10%-ით არის გაზრდილი. გარდა ამისა, შემცირებულია იმპორტი და შესაბამისად, მოთხოვნა უცხოურ ვალუტაზე. ამის ფონზე კიდევ უფრო მწვავე ხდება შეკითხვა " სად არის ლარის თავი დამარხული?
ლარის კურსთან დაკავშირებით, გასულ კვირას ერთი საინტერესო შემთხვევაც მოხდა. 10 სექტემბერს, "ბლუმბერგის" სავაჭრო სისტემაში, სადაც სავალუტო ბაზრის ძირითადი მოთამაშეები ერთმანეთში ვაჭრობენ და ლარის კურსი ყალიბდება, ეროვნული ვალუტა დოლარის მიმართ ჯერ 2,02 ლარამდე გამყარდა, შემდეგ კი მკვეთრად - 2,42 ლარამდე დაეცა.
ამის შემდეგ კიდევ უფრო გახშირდა საუბრები, ხომ არ ხდება ბანკების მხრიდან სპეკულაციები, რაც კურსის გაუფასურებას იწვევს " მით უფრო იმ ფონზე, რომ ქვეყანაში თითქმის ყველა მაკროეკონომიკური პარამეტრი გაუმჯობესებულია " ყოველი შემთხვევისთვის, ოფიციალური სტატისტიკის თანახმად.მიხეილ თოქმაჯიშვილი, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი: გაუმჭვირვალეა კომერციული ბანკების ყიდვა-გაყიდვის ოპერაციები ბანკთაშორის ბირჟაზე. ეს ინფორმაცია არ არის ადვილად ხელმისაწვდომი, რადგან ამას განსაზღვრული საფუძველიც აქვს და კომერციული ინტერესებიც არის ჩადებული. შესაბამისად, დღეს რომ ლარის კურსის თამაში ასეთი სახით გრძელდება, უპირველესად, ამას სავალუტო ბაზრის ძირითადი მონაწილეები განაპირობებენ, რადგან ეროვნული ბანკი პასიურ როლს თამაშობს. თეორიულად სავსებით შესაძლებელია, საქმე გვქონდეს რაიმე ფინანსურ პირამიდასთან. მაგალითად, ბანკებმა თუ ერთმანეთთან ვაჭრობით თანდათან არ გაზარდეს ლარი-დოლარის გაცვლითი კურსი, შესაძლოა განსაზღვრულ გარიგებებში სარგებელი ვერ ნახონ. მიზეზი ისიც შეიძლება იყოს, რომ დოლარის გაყიდვის შემდეგ მოთამაშე, რომელმაც ლარი მიიღო, შესაძლო გაუფასურების გამო მისგან გათავისუფლებას ესწრაფვის და კვლავ დოლარს ყიდულობს. თუმცა ეკონომიკურად ასეთი ქცევა გამართლებულია. საბაზრო ეკონომიკისთვის ეს ჩვეულებრივი რამ არის, როცა ყველა გამყიდველი ცდილობს, თავისი საქონელი მაღალ ფასში გაყიდოს. მორალურად რამდენად გამართლებულია, ეს უკვე სხვა საკითხია. არის თუ არა ამაში კრიმინალი?
თუ ეს მისწრაფება არ გამომდინარეობს ეკონომიკური მოთხოვნებიდან და მხოლოდ ბანკების სურვილით არის ნაკარნახევი, რომ მოკლევადიანი სარგებელი მიიღონ, მაშინ ეს შესაძლებელია გახდეს სამართლებრივი ძიების საგანი. თუ ასეთი ფინანსური პირამიდა იზრდება, ძალიან რთულ შედეგებამდე შეიძლება მივიდეთ. თუმცა, ეს მაინც თეორიული დაშვებაა. რეალურად კი ეკონომიკაც არ არის იმ ნიშნულზე, რომ დაბალანსდეს მთელი ის გარემოებები, რომელიც განპირობებულია მიმდინარე ანგარიშის ბალანსის დეფიციტით. სწორედ ეს არის ერთ-ერთი ფაქტორი, რომლის გამოც გრძელდება ლარის კურსის გაუფასურება დღესაც. რა მოხდება მომდევნო სამ თვეში, თუ ინფლაციური პროცესები კიდევ გაიზრდება? - სწორედ ეს უნდა იყოს ეროვნული ბანკის მთავარი საზრუნავი.
- როცა ქვეყნის ბევრი მაკროეკონომიკური მაჩვენებელი გაუმჯობესებულია, ლარის კურსი ისევ რატომ უფასურდება?
- ლოგიკური შეკითხვაა. ანუ ყველა მიზეზი უნდა ბანკთაშორის ვაჭრობაში ვეძებოთ.
ნოდარ ჭიჭინაძე, "ახალგაზრდა ბიზნესმენთა და ფინანსისტთა ასოციაციის" პრეზიდენტი: "ის, რაც 10 სექტემბერს "ბლუმბერგის" სისტემაში მოხდა, ტექნიკური ხარვეზი იყო, რადგან რამდენიმე არაზუსტი ინფორმაციაა ლართან დაკავშირებით. მაგალითად, ლარი-დოლარის კურსის ბოლო ერთი წლის დიაპაზონი მითითებულია 1,72-დან 2,55 ლარამდე, ასეთი კურსი კი არასდროს ყოფილა. თეორიულად შესაძლებელია, ბანკებმა ზემოქმედება მოახდინონ ლარის კურსზე და გარდა იმისა, რომ სისტემაში დებენ გარიგებებს, არაფორმალური გავლენა გამოიყენონ. თუმცა არა მგონია, ასე უხეშად გააკეთონ ეს, როგორც "ბლუმბერგზე" ჩანდა. ბანკებს ისიც შეუძლიათ, რომ ვალუტის შესყიდვაზე განაცხადონ, მაგრამ რეალურად გარიგება არ დადონ, თუმცა, განაცხადები დაფიქსირდეს. ვალუტის ყიდვა-გაყიდვის გარეშე შეუძლიათ კურსის შექმნა და ამ კურსით უკვე მეორე ან მესამე დღეს გადაახურდავონ ვალუტა. ამით მათ მოგების მიღება შეუძლიათ. ეროვნული ბანკის პირდაპირი მოვალეობაა, ფინანსური ბაზარი სპეკულაციური გარიგებებისგან დაიცვას. ის "ბლუმბერგის" სისტემაში ბანკების ყველა ქმედებას ხედავს და ამას თუ დაინახავდა, შესაბამისი რეაგირება უნდა მოეხდინა. რაც შეეხება მაკროეკონომიკურ პარამეტრებს, ლარი, სულ ცოტა, არ უნდა გაუფასურებულიყო. თუმცა ეროვნული ბანკის რბილმა მონეტარულმა პოლიტიკამ შესაძლოა გადაფაროს შემოდინებული დოლარის მასის ეფექტი. სებ-ის ყველა ინსტრუმენტი რბილ მონეტარულ პოლიტიკას ემსახურება, რომლის არგუმენტადაც დაბალი ინფლაცია სახელდება. თუმცა, ეჭვი მეპარება, რომ ოფიციალური ინფლაცია მთლად რეალური არ უნდა იყოს".
ემა ტუხიაშვილი
წყარო: გაზეთი "კვირის პალიტრა"