საქართველოს გეოგრაფიული ზონა ერთ-ერთი უნიკალურია თავისი კლიმატითა და რაც მთავარია, მეფუტკრეობის განვითარებისთვის ხელსაყრელი მრავალფეროვანი ველური და კულტურული მცენარეული საფარით, რომელიც ორგანოლეპტიკური, ფიზიკური და ქიმიური თვისებებით უმაღლესი ხარისხის სხვადასხვა დასახელების თაფლის წარმოების შესაძლებლობას იძლევა.
ამის შესახებ ექსპორტის პოტენციალის მქონე 21 პრიორიტეტული პროდუქტის ჩამონათვალშია აღნიშნული. ჩამონათვალი საქართველოში ცოტა ხნის წინ გამართული ამბასადორიალის ფარგლებში სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ ელჩებს წარუდგინა.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, მსოფლიოში ცნობილი ფუტკრის რამდენიმე ათეულ სახეობას შორის „ქართული მთის რუხი ფუტკრის“ ჯიშსა და მის პოპულაციებს განსაკუთრებული ადგილი უკავია. აღნიშნულმა ჯიშმა 1961, 1965 და 1971 წლებში საერთაშორისო გამოფენებზე სამი ოქროს მედალი მოიპოვა.
უწყების ცნობით, საქართველოში თაფლის წარმოების მიხედვით, ძირითადად, სამეგრელოს, აჭარისა და კახეთის სხვა რეგიონები გამოირჩევა. წარმოებული თაფლის 100% საოჯახო მეურნეობების მიერ იწარმოება, რომელთა უმრავლესობაც მოძველებულ ტექნოლოგიებს იყენებს. შესაბამისად, სხვა ქვეყნებთან შედარებით, საქართველოში თაფლის პროდუქტიულობის დონე დაბალია და 1 სკაზე, დაახლოებით 11-12 კგ-ს შეადგენს.
2010 წელს საქართველოში - 4 200 ტონა, 2011 წელს - 2 700 ტონა, 2012 წელს - 4 100 ტონა, 2013 წელს - 3 900 ტონა, 2014 წელს კი 4,1 ტონა თაფლი აწარმოეს.
რეგიონების მიხედვით, სამეგრელოს რეგიონზე თაფლის წარმოების 33% მოდის, აჭარასა და კახეთზე 15-15%, ხოლო დანარჩენ რეგიონებზე - 37%.
ქართული თაფლის ძირითად ბაზრებს, 2014 წლის მონაცემების მიხედვით, საუდის არაბეთი, ჩინეთი და კორეის რესპუბლიკა წარმოადგენდა. საუდის არაბეთზე ექსპორტის 87%, ჩინეთზე - 10%, კორეის რესპუბლიკაზე - 1%, ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე ექსპორტის 2% მოდის. რაც შეეხება იმპორტიორ ქვეყნებს, ამავე 2014 წლის მონაცემების მიხედვით, ძირითადი იმპორტიორი ქვეყნები უკრაინა, გერმანია, საფრანგეთი და რუსეთი არიან. უკრაინაზე იმპორტის 62%, გერმანიაზე იმპორტის 23%, რუსეთზე - 9%, საფრანგეთზე - 4%, ხოლო დანარჩენ ქვეყნებზე იმპორტის 2% მოდის.
2012 წელს თაფლის იმპორტმა 70 ათასი აშშ დოლარი, ექსპორტმა კი - 29 ათასი აშშ დოლარი შეადგინა. 2013 წელს თაფლის იმპორტის მაჩვენებელი 48 ათასი აშშ დოლარი იყო, ექსპორტის მაჩვენებელი კი - 117 ათასი აშშ დოლარი. 2014 წელს თაფლის იმპორტმა 109 ათასი აშშ დოლარი, ექსპორტმა კი - 54 ათასი აშშ დოლარი შეადგინა.
ფინანსური მაჩვენებლები, რომლებიც 2015 წლის იანვარ-თებერვალში არსებული მონაცემების საფუძველზეა გაანგარიშებული და პირობით გათვლებს ეყრდნობა, თაფლის შემთხვევაში ასე გამოიყურება: 300 ცალ სკაზე საწყისი საინვესტიციო კაპიტალი 120 000 ლარს შეადგენს, უკუგების პერიოდი მე-4 წელია, ხოლო რენტაბელობის შიდა ნორმა (8 წელი) – 20%.
შეგახსენებთ, რომ პრიორიტეტული პროდუქტების ნუსხაში თაფლის გარდა, თხილის, მოცვის, ვაშლის, მანდარინის, ბლის, ატმის, კიტრის, პომიდვრის, ხახვის, სტაფილოს, მწვანილის, კარტოფილის, მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ხორცის, ღორის ხორცის, ფრინველის ხორცის, მტკნარი წყლის თევზის, რძის პროდუქტების, ჩაისა და ხორბლის წარმოება მოხვდა.